LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა მუსერიძის მიმართვა ბიოლოგიურ დედას – „შეგიძლია, ზედმეტი ფიქრებისგან გადამარჩინო…“ (ვიდეო)

341

ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც თოქშოუ „პროფილში“ ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ განაცხადა, რომ გამზრდელი დედის გარდაცვალების შემდეგ გაიგო, რომ ნაშვილებია და ბიოლოგიურ დედას ეძებს.

სამწუხაროდ, გადაცემის შემდეგ მას არავინ გამოხმაურებია, ამიტომ აგდაწყვიტა, სოციალურ ქსელში კიდევ ერთი მიმართვა გაევრცელებინა, სადაც ბიოლოგიურ დედას მოუწოდებს გამოჩენისკენ. ის მას ჰპირდება, რომ ვერავინ გაიგებს მის ვინაობას…

„გამარჯობა, მე ვარ თამუნა მუსერიძე, მაგრამ ეს ჩემი ნამდვილი და სახელი და გვარი არ არის. ნამდვილი სახელი და გვარი არ ვიცი, რადგან დაახლოებით 32 წლის წინ ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ იფიქრა და გადაწყვიტა და ალბათ, მართალიც აღმოჩნდა, რომ მე სხვა ოჯახში უფრო ბედნიერი ვიქნებოდი.

2017 წელს, საბედნიეროდ, აღარ არის ის მდგომარეობა, როდესაც დედებს უწევთ ბავშვების გაშვილება ან გაყიდვა გამომდინარე იქიდან, რომ სირცხვილი, ბავშვის გაჩენა, უკვე საბედნიეროდ აღარ არის.

ერთადერთი მიზეზი, რატომაც მაინტერესებს ბიოლოგიური დედის ნახვა, არის იმ კითხვებზე პასუხის მიღება, რომლებიც აგერ უკვე ათი თვეა, არ მასვენებს. გარდა ამისა, ალბათ, მყავს და ან ძმა, რომლის გაცნობის სურვილიც მაქვს, მაგრამ ამის გარდა, სავარაუდოდ, შენ ქმარიც გყავს და არ გინდა ზედმეტი პრობლემები ოჯახში. არც მე მინდა, რომ პრობლემები შეგიქმნა, მაგრამ თუ ეს ვიდეო გაზიარდება და შენ თუ ოდესმე ამ ვიდეოს ნახავ, პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა იმისთვის, რომ გამაჩინე, მეორე რიგში იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც შვილი არ უჩნდებოდათ, ძალიან დიდი ბედნიერება მიანიჭე. მესამე რიგს, მოდი, პირადად გეტყვი, თუკი ოდესმე შეგხვდები. დაახლოებით ერთი თვეა, რაც „პროფილი“ ეთერში გავიდა და დიდი იმედი მქონდა, რომ ვიღაც მაინც გამოჩნდებოდა, თუმცა საერთოდ არავინ გამოჩენილა, არავის დაურეკავს, არავის მოუწერია.

თუ შენ ახლა მიყურებ და ფიქრობ, მე ის ვარ თუ არა, შეგიძლია, ძალიან მშვიდად, თანაც ჩუმად გამომეხმაურო და პირობას გაძლევ, რომ პრობლემას ნამდვილად არ შეგიქმნი, რომ არავის არაფერს გავაგებინებ. ასევე პირობას გაძლევ, რომ არ განგკიცხავ და არ გავბრაზდები, იმიტომ, რომ შენ ნამდვილად მომანიჭე ბედნიერება იმით, რომ ასეთ არაჩვეულებრივ ოჯახში მომახვედრე.

თუმცა ძალიან უცნაური ფაქტია ის, რომ 3 მარტს პირველად შევხვდი აღმზრდელი დედის გარეშე და პირველად მქონდა ძალიან უცნაური, გაორების შეგრძნება. ამ შეგრძნებას ალბათ, ვერც ვერასდროს მოვიშორებ, მაგრამ გაურკვევლობის, დაძაბულობის და მუდმივად ფიქრის რეჟიმიდან შეგიძლია, რომ მიხსნა. ისევე, როგორც შენი თავი იხსენი 1984 წელს ზედმეტი კითხვებისგან, აგრეთვე შეგიძლია, ზედმეტი ფიქრებისგან გადამარჩინო, იმიტომ, რომ ბევრს ვფიქრობ და ცუდად ვფიქრობ. ვეძებ იმას, ვისაც არ უნდა იყოს მოძებნილი და ვინც, სავარაუდოდ, იმალება.

მადლობელი ვარ სიცოცხლისთვის, მადლობელი ვარ კარგი ოჯახისთვის და ძალიან დიდი მადლობელი დაგრჩები, თუ გადაწყვეტ და ჩუმად, ანონიმურად მაინც გამომეხმაურები“, აღნიშნულია თამუნას ვიდეომიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები