LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ტაქსი 200 200” Yandex Taxi-სთან თანამშრომლობას უარყოფს

425

”ტაქსი 200 200” Yandex Taxi-სთან თანამშრომლობას უარყოფს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც 200-200-ის გამოძახების შემდეგ ადგილზე ”იანდექს ტაქსი” მივიდა.

მათი განმარტებით, ამის თაობაზე კომპანია ინფორმირებული არ იყო. ”კონკრეტულად ის მძღოლი ჩვენთან აღარ მუშაობს” – განუცხადეს ”ფორტუნას” ტაქსი 200 200-ში”.

ტაქსის გამოძახების რუსული სერვისის Yandex Taxi-ს ქართულ ბაზარზე ერთი კვირის წინ გამოჩნდა. მის გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რადგან Yandex-ის რუქაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღნიშნულია, როგორც სხვა ქვეყნის ტერიტორია.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Yandex Taxi-სთან ქართული ”ტაქსი 200 200” თანამშრომლობს, რადგან ამ ნომერზე ტაქსის გამოძახების შემდეგ მათთან რუსული კომპანიის ტაქსი მივიდა.

ამჟამად თბილისს ”იანდექს ტაქსის” 200 მანქანა ემსახურება. ამასთან, კომპანია დედაქალაქის  გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებში შესვლასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, რუსულ  პრესაში ”იანდექს ტაქსის” საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიმდინარე წლის ივლისში გამოჩნდა. მაშინ, აღნიშნულ თემაზე გაზეთ ”ვედომოსტის”  „იანდექს ტაქსის“ გენერალური  დირექტორი ტიგრან ხუდავერდიანი ესაუბრა. საქართველო ბელორუსის, ყაზახეთის, რუსეთისა და სომხეთის შემდეგ მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული კომპანიის აპლიკაცია ჩაეშვა.

ცნობისთვის, ტაქსის ონლაინ-გამოძახების კომპანია „იანდექს ტაქსი“ ტაქსის უმსხვილეს კომპანიებთან თანამშრომლობს. სერვისი ავტომატურად განსაზღვრავს დამკვეთის ადგილმდებარეობას და მას ყველაზე ახლოს მყოფ ტაქსის უგზავნის. სისტემას აქვს ისეთი სერვისები, როგორიცაა საფასო კატეგორიის შერჩევა – „ეკონომ,“ „სტანდარტ“ და „ბიზნეს“ კატეგორიები. ასევე ცალკეული მახასიათებლები – არამწეველი მძღოლი, საბავშვო სავარძელი, კონდიციონერი და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები