LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თარგამაძეს პროკურატურაში “ახალი არაფერი გაუგია”

61

გივი თარგამაძემ და მისმა ადვოკატმა პროკურატურა დატოვა და განაცხადა, რომ საქმის მასალების ნაწილი გააცნეს, თუმცა ახალი არაფერი გაუგია.
“გავეცანით საქმის ნაწილს. კიდევ მოგვიწევს მოსვლა, მაგრამ ახლაც შემიძლია ვთქვა, რომ ახალი არაფერი გამიგია. დაგვრჩა მთავარი კითხვა, რატომ არ აძლევენ საქმეს ტერაქტის კვალიფიკაციას, როცა ხალხმრავალ ადგილას მოხდა და ისეთი ტიპის ასაფეთქებლით, რომელიც მიზნად ისახავდა ბევრი ხალხის დაზიანებას. გაუხსნელი მკვლელობები აქვს ამ ხელისუფლებას, გაუხსნელი ტერაქტი ჯერ არ ჰქონია და ამიტომაც ერიდებიან ამ კვალიფიკაციის მიცემას”, – განაცხადა თარგამაძემ.

მისივე თქმით, უცნობი რჩება კვლავ მოტივი, რის გამოც ბრალდებულმა მისი ლიკვიდაცია სცადა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიიჩნევს, რომ მოტივის გარეშე დანაშაულის გახსნილად გამოცხადება აბსურდია.

„წინასაარჩევნოდ, უცებ მოუნდა ამ ადამიანს ჩემი მოკვლა. თავად გამოძიების მასალებიდან დასტურდება, რომ დამნაშავე არ ყოფილა მარტო. სხვა პირი თუ პირები ჯერაც არ არის დადგენილი. არანაირი მინიშნება არ არის დავით ხეჩუაშვილს მართლა აქვს საქართველოს ტერიტორია დატოვებული თუ არა. ეს კითხვა კიდევ უნდა გავიმეორო, რაზე დაყრდნობით განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ მან დატოვა საქართველო. ძირითადი კითხვები დარჩა კითხვებად, თუმცა ჩვენ ბოლომდე გავეცნობით საქმის მასალებს”, – აღნიშნა გივი თარგამაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები