LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათარას ევროპელები დააგემოვნებენ: რა შედეგები მოიტანა სატესტო რეჟიმმა

401

თათარა ექსპორტზე გავა. ახალდაფუძნებული კომპანია ”გრეიფის” მიერ წარმოებულ პროდუქციას ისრაელსა და ევროპის ქვეყნებში დააგემოვნებენ.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა, დავით რამაზაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ ქვეყნებში სატესტო რეჟიმში უკვე გაიგზავნა გარკვეული რაოდენობის თათარა და ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

”ისინი დაინტერესდნენ ჩვენი ნაწარმით და ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელთან, რუსეთთან და ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან. ვფიქრობთ, რომ ექსპორტზე მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში გავალთ”, – აღნიშნა რამაზაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შპს ”გრეიფი” თათარას ბრენდის ქვეშ 5 სახეობის ტკბილეულს აწარმოებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა განმარტა, ეს არის ტრადიციული რეცეპტით დამზადებული თათარა, რომელიც სხვადასხვა ფორმებშია ჩამოსხმული. ”გვაქვს მოხალული ნიგვზით, რომელსაც გარედან კაკლის ნაჭუჭის ფორმა აქვს; მოხალული თხილით, რომელსაც თხილის ფორმა აქვს; ნუშის ფორმის „თათარა“, რომელსაც მოხალული ნუში აქვს შიგნით; მოხალული მიწის თხილისგან დამზადებული, რომელსაც მიწის თხილის ფორმა აქვს და ქიშმიშისგან დამზადებული, რომელსაც მტევნის ფორმა აქვს”, – განაცხადა რამაზაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პროდუქცია სხვადასხვა შეფუთვაში გამოდის. არის მცირე მოცულობებით, ცალკეული სახეობები ცალ-ცალკე შეფუთვით და ასევე ასორტი- 5 სახეობის მიქსი ერთ შეფუთვაში.
რაც შეეხება რეალიზაციას, დაფასოებული „თათარა“ ”კარფურის”, ”გუდვილისა” და ”სმარტის” ქსელში იყიდება. ღირებულება კი სახეობების მიხედვით განსხვავებულია – 3,5 ლარიდან 13 ლარამდე მერყეობს.

როგორც შპს ”გრეიფის” დამფუძნებელი ამბობს, ამჟამად კომპანიას მცირე საწარმო აქვს თბილისში, სადაც 7 ადამიანია დასაქმებული. თუმცა, თუ ექსპორტის კუთხით ყველაფერი კარგად წარიმართა, ქარხნის გაფართოება და წარმადობის გაზრდა იგეგმება.

ცნობისთვის, კომპანიამ ტკბილეულის მწარმოებელი ქარხანა თბილისში 2016 წლის აპრილში გახსნა. აქ ამდროისთვის მხოლოდ თათარა იწარმოება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები