LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათია დოლიძე გაუპატიურების მუქარის ავტორებს უჩივლებს – „ეს არავის უნდა შერჩეს…“

471

14 ივლისს „ქართველთა მარშის“ ჩატარების შემდეგ სოციალურ ქსელში ნამდვილი ომი გაჩაღდა მის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. 2016 წელს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში თათია დოლიძე ვრცელი პოსტით გამოეხმაურა „ქართველთა მარშს“ და დაწერა რამდენიმე არგუმენტი მის საწინააღმდეგოდ. ამის შემდეგ ახალგაზრდა ქალის მიმართ მარშის ორგანიზატორებმა და მათმა მხარდამჭერებმა სოციალური ქსელის საშუალებით უცენუროდ მიმართეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. შესაბამისი ამონარიდები მათი კომენტარებით სოციალურ ქსელში გავრცელდა. ეს თავად თათიამაც წაიკითხა და სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა:

„რამდენი ადამიანი დასაქმდა უცბად ჩემი ლანძღვა-გინებით. რამდენიმე ფავორიტი კომენტარიც კი მაქვს უკვე 🙂

ჯერ მარტო 25 წლის გოგოზე მოერიდებოდა ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს, როგორებადაც თავი მოაქვთ მარშის მონაწილეებს, ასეთი რაღაცების დაწერა. ქალებზე აღარაფერს ვიტყვი, თავად მიაჩნიათ ასეთი ტიპის ქალებს, რომ ჭკუა არ მოეთხოვებათ“.

მოგვიანებით, თათიამ დაწერა, რომ ამ კომენტარების ავტორები ცდილობდნენ, უკან წაეღოთ ეს სიტყვები:

„როგორც კი ვნახე, რომ პოსტი წაშლილი იყო თავისივე კომენტარებით, მაშინვე მივხვდი, რომ ამის თქმას აპირებდნენ. ყალბიაო! ათასობით ადამიანს მაინც არ ენახა. ვაი თქვენს კაცობას!არ მინდოდა, მაგრამ იძულებული ვარ მოგიწოდოთ ყველას, რომ აქ კომენტარებში დადოთ ყველა სქრინი, რაც დაგიგროვდათ. სირცხვილი თქვენ!“

თათიას უამრავი ადამიანი გამოექომაგა. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს.

ეკა ხოფერია:

„თათია დოლიძეზე: მხარს ვუჭერ ბევრი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ დამოუკიდებელი გოგოა, იმიტომ, რომ მაგრად ისწავლა, იშრომა, თავისით იკვალავს გზას და ამ გზაზე აღწევს წარმატებებს. კარგი ადამიანია და საერთოდ, მაგარი გოგოა. თათია შენს გვერდით ვარ და ახლა მთავარია, შენი ოჯახის წევრებმა ” გაუძლონ” ამ ფეისბუქ შემოტევას) დანარჩენი არ არის მნიშვნელოვანი. ამ პოსტებით შენი მხარდამჭერები ცოტათი გადმოვინაწილებთ ფბ ” რისხვებს”)“

ნათია ფანჯიკიძე:

„არ შეიძლება კაცს ერთი ქალი მაინც, თუნდაც საკუთარი დედა უყვარდეს ნამდვილი, ჯანსაღი სიყვარულით და ასეთი ღვარძლი და ბოროტმეტყველება, ამ შინაარსის სიძულვილი შეძლოს ნებისმიერი, “მსოფლიოში ყველაზე ცუდი” ქალის მიმართაც კი.

შემზარავი დიალოგია. იმედია, ყველა მეორე კაცი ქვეყანაში ასეთი დამოკიდებულებით არ ხართ საპირისპირო სქესის მიმართ. არ შეიძლება იმ კაცების ნდობა, რომლებსაც ქალი სძულთ“

ნინო დანელია:

„გაუპატიურების მხარდამჭერი პირები ვერ იქნებიან „ლეგიტიმური მხარე“ მედიისთვის, ნუ მოიწვევთ მათ გადაცემებში ან მოწვევის შემთხვევაში არ მისცეთ სიძულვილს ფრქვევის საშუალება, ნუ წაახალისებთ დისკრიმინაციას და სიძულვილს“.

დეკანოზი თამაზ ლომიძე:

„არავითარი სიმპათია არ გამაჩნია “ქართული მარში”-ს მონაწილეების მიმართ. ეს ხალხი, მათი მიზნები და მათი აზროვნება უკიდურესად საშიშია ქვეყნისთვის. მათი ნდობა იქნება ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვა. არ ვენდობი მათ, რადგან მცნებებს, რომლებზეც ასე ხშირად აპელირებენ – “ქართული”, “ეროვნული”, “ზნეობა” “პატიოსნება” , “ვაჟკაცობა”, “სარწმუნოება” და ასე შემდეგ, თვითონ არ სცემენ პატივს და არც ესმით მათი მნიშვნელობა.

ესაა ყველაზე საშიში ხალხი!

ეს გუშინ, მათი ბელადის და მათი წევრების მიერ ქართველი ქალის მიმართ გადმონთხეულმა წარმოუდგენელმა სიბინძურემ კიდევ ერთხელ დაადასტურა. როგორ შეიძლება ზრდასრული კაცი ასეთი ზნედაცემული იყოს?!

არ ენდოთ არავის, ვინც სიტყვა “ქართულს” და “სარწმუნოებას” ხშირად ახსენებს და ამით სპეკულირებს. მათ საქმეს შეხედეთ მხოლოდ“.

ჩვენ დავუკავშირდით თათია დოლიძის, დედას, ქალბატონ ლანა დოლიძეს, რომელმაც შემდეგი რამ განგვიცხადა:

„ხომ წარმოგიდგენიათ, მშობლები რა დღეში ვიქნებოდით. მთელი ღამე არ მიძინია, უამრავი ადამიანი მირეკავდა. თავიდან ვფიქრობდი, რომ იმ ადამიანებისთვის ყურადღება არ უნდა მიგვექცია, ვინც იქ იდგა, მაგრამ შემდეგ ეს ისეთ შეურაცხყოფასა და ღია მუქარაში გადაიზარდა, რომ ვთვლი, ეს არავის უნდა შერჩეს. იმიტომ არა, რომ ჩემს შვილს დაემუქრნენ…

თათიას ურჩევთ, რომ იჩივლოს?

მე მგონია, რომ საზოგადოებამ ეს უკვე გადაწყვიტა. ამისი ასე დატოვება არ შეიძლება. ასეთი ადამიანები იცავენ ქართველობას და საქართველოს უცხოელებისგან და ეს საცოდაობაა…

ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები