LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტავ ჯორჯია GEORGIAN AIRWAYS-ის დამფუძნებელს პასუხობს

78

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ქართული ავიაკომპანია GEORGIAN AIRWAYS-ის დამფუძნებელს, თამაზ გაიაშვილს პასუხობს და მის განცხადებებს ცილისწამებას უწოდებს.

ტავ ჯორჯიას” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო პერიოდში, ქართულ მედიაში აქტიურად ვრცელდება ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებლის ბ-ნ. თამაზ გაიაშვილის ცილისმწამებლური განცხადებები ტავ ჯორჯიასთან დაკავშირებით. მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ყოვლად უსაფუძვლოა და არ შეესაბამება არსებულ რეალობას. ტავ ჯორჯიასა და ჯორჯიან ეარვეისს შორის 2005 წლიდან დაწყებული თანამშრომლობა უკვე 13 წელს ითვლის. ამ წლებში ჯორჯიან ეარვეისი სარგებლობდა ყველა იმ პრივილეგიით და შეღავათებით რასაც ტავ ჯორჯია საქართველოში ბაზირებულ, ეროვნული გადამზიდავი კომპანიის ხელშეწყობისთვის ახორციელებდა. კერძოდ:

1. ტავ ჯორჯიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჯორჯიან ეარვეისს, როგორც საქართველოში რეგისტრირებულ ქართულ ავიაკომპანიას, მიეცა უფლება თავად გაეწია სახმელეთო მომსახურება საკუთარი საჰაერო ხომალდებისთვის და მგზავრებისთვის, რაც მათ საწარმოო ხარჯების შემცირების საშუალებას აძლევდა და აძლევს.

2. გარდა სახმელეთო მომსახურების სერვისებისა, ტავ ჯორჯია ავიაკომპანიებს უწევს ე.წ. მოთხოვნად სერვისებს, რაც აუცილებელია რეისის შესასრულებლად. ამ მომსახურებაში ჯორჯიან ეარვეისი, როგორც თბილისში ბაზირებული ავიაკომპანია, შესრულებული რეისების რაოდენობის გათვალისწინებით, 2005 წლიდან სარგებლობს საგრძნობი ფასდაკლებებით, ამჟამად ეს შეღავათი შეადგენს სტანდარტული ფასების ნახევარს, ანუ 50%-ს; მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რაც ტავ ჯორჯიას დააკისრებდა ვალდებულებას, რომ გაწეულიყო ზემოთხსენებული შეღავათები. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ადგილობრივი ავიაკომპანიების განვითარებას და მათ შეუფერხებელ ოპერირებას ქართულ ავიაბაზარზე.

3. აქვე აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ჯორჯიან ეარვეისს ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ზამთრის სანავიგაციო პერიოდში ვუდგენდით გადახდის სპეციალურ გრაფიკს, რაც არ გაკეთებულა არცერთი ავიაკომპანიისთვის, რაც ნიშნავს, რომ ყოველწლიურად 5 თვის განმავლობაში ჯორჯიან ეარვეისი იხდიდა მომსახურების ღირებულების 50%-ს, ხოლო დარჩენილ თანხას ფარავდა ზაფხულის განმავლობაში.

4. ასევე გასული წლიდან, თბილისში ბაზირებული ავიაკომპანიებისთვის, შესრულებული რეისების რაოდენობის გათვალისწინებით, შემუშავებულია და მოქმედებაშია საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის სპეციალური ტარიფი 20 % ფასდაკლებით, რითაც სარგებლობს ჯორჯიან ეარვეისი.

5. ასევე, შიდა ფრენების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2010 წლიდან ტავ ჯორჯიას მიერ შემუშავდა სპეციალური ტარიფი, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ასრულებენ ადგილობრივ რეისებს, რაც ჯორჯიან ეარვეისს აძლევს საშუალებას საგრძნობლად შეამციროს ხარჯები მის მიერ განხორციელებულ შიდა რეისებზე.

6. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან საქართველოში ბაზირებული ავიაკომპანიების ხელშეწყობის ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს ჯორჯიან ეარვეისისთვის დამატებით საკმაოდ სოლიდურ ფასდაკლებას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ჯორჯიან ეარვეისს ეცნობა ზემოაღნიშნულის შესახებ, რაზედაც ჯერ კიდევ პასუხი არ მიგვიღია.

უფრო მეტი სიცხადისთვის გვინდა მოგაწოდოთ 2017 წლის სტატისტიკა: ტავ ჯორჯია 2017 წელს მოემსახურა ჯორჯიან ეარვეისის 375 325 მგზავრს (გაფრენა/მოფრენა), ხოლო მომსახურების ღირებულებამ თითოეულ მგზავრზე საშუალოდ 16 დოლარი შეადგინა. აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ ბ-ნ. გაიაშვილი თავის განცხადებებში მუდმივად აპელირებს კომპანია ტავ ჯორჯიას თურქულ წარმომავლობაზე, რაც ვფიქრობთ რომ არაეთიკურია, რამდენადაც მსგავსი განცხადებებით ბ-ნ. გაიაშვილი ცდილობს ეროვნული შუღლის გაღვივებას საზოგადოებაში.

ამ ეტაპზე ტავ ჯორჯიაში დასაქმებულია საქართველოს 1300 მოქალაქე, გარდა ამისა ტავ ჰოლდინგის 46.12 % წილის მფლობელია ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group, რომელიც ტავთან ერთად ოპერირებს მსოფლიოს 18 ქვეყნის 77 აეროპორტში. თვით ტავ ჯორჯია არის საქართველოს რეზიდენტი კომპანია და ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი შინაარსის განცხადებები; ჩვენთვის პრიორიტეტულია ის საქმიანობა, რასაც კომპანია ავიაციის სფეროს განვითარების კუთხით ახორციელებს, სადაც კომპანიის თურქულ თუ ფრანგულ წარმომავლობას არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბ-ნ. გაიაშვილის განცხადებები უსაფუძვლოა და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – ნათქვამია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები