LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავს უფლებას ვერ მივცემთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი დაკნინდეს – ეკა ბესელია

43

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გამორჩეული უნდა იყოს ნდობით, კვალიფიციურობით და ბევრი სხვა ფაქტორით.

„ამ პროცესს დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით, თუმცა ახლა ის ეტაპია, როცა კონსულტაციებს პრეზიდენტი აწარმოებს. პარლამენტი პოლიტიკურ პროცესში მას შემდეგ ერთვება, რაც კანდიდატს შემოგვთავაზებენ. გადაწყვეტილების მიღების კუთხით, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან მართლმსაჯულების რეფორმას ვახორციელებთ და ამ რეფორმის წარმატებით დასრულება დამოკიდებულია იმაზე, თავმჯდომარის შესახებ როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თავს უფლებას ვერ მივცემთ, რომ ეს პროცესი დაკნინდეს. პირიქით, მნიშვნელოვანია, კანდიდატის შერჩევა ყველა იმ კრიტერიუმის დაცვით მოხდეს, რაც ამ პროცესს მაღალ ლეგიტიმაციასადა სანდოობას მისცემს. მნიშვნელოვანია, კანდიდატების შერჩევის  კრიტერიუმები, კანდიდატების დასახელება არც ისე მარტივია. ამ საკითხზე სიღრმისეული მსჯელობა მოგვიწევს,“ – განაცხადა ბესელიამ.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით, კონსულტაციებს აწარმოებს. პროცესში მონაწილეობაზე მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას შესთავაზებს, საკანონმდებლო ორგანოს მასზე მსჯელობა საშემოდგომო სესიაზე, სექტემბერში მოუწევს.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ რამდენიმე კვირის წინ თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად, ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები