LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისელი ბიჭი ბარსელონას მწვრთნელი ხდება (ვიდეო)

119

“ბარსელონას” ახალი სეზონიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ლუის ენრიკეს წასვლა გადაწყვეტილია. ახალი თავკაცის პოსტზე, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, არაერთი სპეციალისტი სახელდება. გაჟღერდა კიდევ ერთი კანდიდატურა, რომელსაც ძალიან დიდ შანსს აძლევენ. ეს გახლავთ ხუან კარლოს უნსუე. ესპანური მედია იმასაც წერს, რომ მხარეებმა წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
უნსუეს დამოუკიდებელი სამწვრთნელი კარიერა დიდად არ ჰქონია (ნუმანსია, რასინგი)). იგი 49 წლისაა და ამჟამად ლუის ენრიკეს ასისტენტად მუშაობს “ბარსელონაში”. სწორედ ამის გამო არის მისი ვარიანტი რეალური, „ბარსამ“ იცის და ენდობა საკუთარ კადრებს.

ახლა კი რა შუაშია სათაურში მოყვანილი ფრაზა. სტაჟიან გულშემატკივარს ალბათ ახსოვს, რომ 1985 წელს საბჭოთა კავშირში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი იუნორთა შორის. 16-გუნდიანი და ოთხ ჯგუფად დაყოფილი ტურნირის ერთ ქვეჯგუფს თბილისმა უმასპინძლა. ჩვენთან თავი მოიყარა ბრაზილიამ, საუდის არაბეთმა, ირლანდიამ და ესპანეთმა. ამ გუნდის კარს მაშინ ახალგაზრდა უნსუე იცავდა. მან ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ძალიან მაგრად ითამაშა. იმ გადასახედიდან ამ ბიჭს კიდევ უფრო დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. თუ გახსოვთ, ჩემპიონატის ფინალში სწორედ „თბილისური“ გუნდები ბრაზილია და ესპანეთი გავიდნენ და ბრაზილიელებმა 1:0 დამატებით დროში მოიგეს (ვიდეოში სწორედ ამ ფინალის გადამწყვეტი ეპიზოდია). ნახევარფინალში კი ესპანელებმა მასპინძელი საბჭოთა ნაკრები ჩამოიშორეს, რომლის რიგებში გელა კეტაშვილი და სოსო ჭედია თამაშობდნენ. უნსუემ კი ყველა შეხვედრაში დიდებულად ითამაშა და გამორჩეული იყო. სხვათა შორის, იმ იუნორთა ესპანეთის ნაკრებში მოგვიანებით ცნობილი ფეხბურთელი ანდონი გოიკოეჩეა გამოდიოდა და ასევე გუნდში ირიცხებოდა (არცერთი მატჩი არ უთამაშია) ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ხულიენ ლოპეტეგი.

 

 

ნახევარფინალი. სსრკ – ესპანეთი 2:2. პენ. 3:4. უნსუემ ორი პენალტი მოიგერია, მათ შორის ბოლო, გადამწყვეტი და ესპანეთი ფინალში გაიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები