თბილისი ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

227

თბილისი, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს, – გამოფენის გახსნას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტოსთან ერთად დაესწრო.

პრემიერმა რამდენიმე თვის წინ იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იტალიის პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან შეხვედრა გაიხსენა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის კულტურული დაახლოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით მაქსიმალურ ნაბიჯებს გადადგამდნენ.

„სასიხარულოა, რომ კულტურა შემოუძღვა იტალიურ კომპანიებს საქართველოში და ბოტიჩელისა და კარავაჯოს გამოფენის პარალელურად, თბილისში იმართება დღემდე უპრეცედენტო იტალიურ-ქართული ბიზნესფორუმი, რომელშიც იტალიის ყველაზე მსხვილი 35-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. გამოფენა საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩება და ნოემბრის ბოლოს, როდესაც თბილისში იმართება ახალი აბრეშუმის გზის ფორუმი – „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, ჩვენ გვექნება საშუალება, 1 000-ზე მეტი უცხოური ბიზნესის წარმომადგენელს ვაჩვენოთ ეს გამოფენა და მან უმასპინძლოს ძალიან ფართო საერთაშორისო აუდიტორიას. მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე იტალიის ყველა მეგობარს საქართველოში და დამერწმუნეთ, ასეთი ძალიან ბევრია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კვირიკაშვილმა გამოფენის ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოში იტალიის საელჩოს, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და იტალიის საერთაშორისო კომპანიების სააგენტოს, ასევე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროებს და ეროვნულ მუზეუმს.

მნიშვნელოვანი გამოფენა, როგორც იტალიისთვის, ისე – საქართველოსთვის – ასე შეაფასა გამოფენა იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ. ივან სკალფაროტო იმედოვნებს, რომ ორი უდიდესი ხელოვანის ნამუშევრები ქართველი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შთაგონების წყარო გახდება.

„ეს გამოფენა მნიშვნელოვანია როგორც იტალიისთვის, ისე – საქართველოსთვის, იმიტომ, რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია. იმიტომ, რომ ჩვენი ღირებულებები ასევე თქვენი ღირებულებებია. საქართველო სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. შესაბამისად, თბილისი იმსახურებს კიდევ უფრო მაღალი დონის, უფრო ცოცხალ კულტურულ ცხოვრებას და რეალურად ეს არის პროექტ Check in Georgia-ს მიზანი. ჩვენ მზად ვართ, მომავალშიც დავუჭიროთ მხარი მსგავს კულტურულ ღონისძიებებს და ჩვენთვის მაღალი სიმბოლიზმის მქონე სხვა ნამუშევრებიც ჩამოვიტანოთ საქართველოში. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს ხელისუფლების მომავალზე ორიენტირებულ მიდგომებს“, – განაცხადა იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კვირიკაშვილმა და ივან სკალფაროტომ ერთობლივად დაათვალიერეს ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენა, რომელიც საქართველოში ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები