LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ძიუდოს საერთაშორისო გრან პრის მეოთხედ მასპინძლობს

86

დღეიდან 2 აპრილის ჩათვლით თბილისის „ოლიმპიური სასახლე” (უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან) ძიუდოს საერთაშორისო ტურნირს – “თბილისის გრან პრი 2017”-ს უმასპინძლებს. საერთშორისო ტურნირზე, რომელიც თბილისში უკვე მეოთხედ ჩატარდება, მსოფლიოს 38 ქვეყნის 262 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. თბილისი გრან პრი, რომლის საპრიზო ფონდი 100 000 დოლარია, წელს პროექტ – Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

ტურნირი 31 მარტს და ასევე 1 და 2 აპრილს დილის 10:00 საათიდან დაიწყება, 31 მარტს 16:30 საათზე დაგეგმილია გახსნის ოფიციალური ცერემონია, ფინალური ბლოკი კი სამივე საშეჯიბრო დღეს 17:00 საათიდან გაიმართება. სპორტსმენები მედლებისათვის 7-7 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ, გრან-პრის გამარჯვებული ძიუდოისტები 700 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ, ფულადი პრემის სახით კი ადგილების შესაბამისად 3000, 2000 და 1000 დოლარს მიიღებენ.

საქართველოს ნაკრები თბილისის გრან პრიზე გადახალისებული შემადგენლობით გამოვა, მამაკაცთა შორის ტატამზე 28 სპორტსმენი წარდგება, ქალთა შორის კი 8.

ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობიდან წლევანდელ გრან პრიზე ევროპის ჩემპიონი (2013) და მსოფლიოს პრიზიორი (2015), ასევე გრან პრისა და გრან სლემის ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული – ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ევროპის ჩემპიონატის ორგზის ვერცხლის პრიზიორი (2015, 2013) და გრან პრის ტურნირების 3-გზის ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ), ევროპული თამაშების და ასევე ევროპის ჩემპიონი (2015), მსოფლიოს პრიზიორი (2015) და საერთაშორისო ტურნირების ასევე მრავალგზის ჩემპიონი – ადამ ოქრუაშვილი (+100), ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი (2016), 2015 წლის თბილისის გრან პრის ჩემპიონი ლევან მატიაშვილი (+100), ქალთა შორის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2015) – მარიამ ჯანაშვილი (57 კგ), ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი (2015) და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონი (2016) ეთერ ლიპარტელიანი იჭიდავებენ.

თბილისის გრან პრი 2017-ის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხზე გადაიცემა.
თბილისის გრან პრის მონაწილე ქვეყნები:

საქართველო (36 სპორტსმენი), საფრანგეთი (6), უკრაინა (9), ჰოლანდია (8), ბრიტანეთი (10), რუსეთი (24), უნგრეთი (10), აზერბაიჯანი (18), ბრაზილია (15), ავსტრია (2), სომხეთი (1), ავსტრალია (1), ბელარუსი (4), ბელგია (4), ბულგარეთი (2), კანადა (1), კოლუმბია (5), ხორვატია (1), კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1), ესტონეთი (4), ფინეთი (1), გვინეა-ბისაუ (1), ირანი (11), ისრაელი (5), იტალია (6), ყაზახეთი (18), ყირგიზეთი (1), ლატვია (3), ლიტვა (6), მონღოლეთი (9), პორტუგალია (9), სერბეთი (3), სლოვაკეთი (3), სლოვენია (3), შვედეთი (4), არაბეთის გაერთიანებული საემიროები (2), უზბეკეთი (14), ვენესუელა (1).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები