LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-ლონდონი: ბრიტანეთში დედაქალაქიდანაც ვიფრენთ?

94

ლონდონში პირდაპირი ავიამიმოსვლა, შესაძლოა, თბილისიდანაც განხორციელდეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” ახალ მიმართულებებს ამატებს. რეისი თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით 2017 წლის გაზაფხულის სეზონიდან, კერძოდ კი მარტიდან დაიწყება. ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება და მგზავრებს ლონდონში, ”გატვიკის” აეროპორტში ჩაიყვანს. ამას გარდა, “ჯორჯიან ეარვეისი” ამავე წლის მაისიდან პირდაპირ ავიამიმოსვლას პრაღაშიც გეგმავს.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ”ფორტუნა” საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორს, გურამ ჯალაღონიას ესაუბრა. როგორც მან განმარტა, ამ დროისთვის სააგენტოში ”ჯორჯიან ეარვეისის” განაცხადი არ შესულა.

”აღნიშნულ ინფორმაციას მანამდე ვერ დაგიდასტურებთ, ვიდრე ავიაკომპანია ჩვენთან ოფიციალურ განცხადებას არ შემოიტანს, ფრენების განხორციელებაზე ლიცენზიის მისაღებად. ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი ყოფილა – არც პრაღის და არც ლონდონის მიმართულების დამატებაზე ”ჯორჯიან ეარვეისს” ჩვენთვის არ მოუმართავს”, – აღნიშნა გურამ ჯალაღონიამ.

მისივე ინფორმაციით, ნებისმიერმა ავიაკომპანიამ (როგორც უკვე არსებულმა ქართულ ავიაბაზარზე, ისე ახალმა) უნდა მიმართოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქართველოდან, ან საქართველოში ავიარეისების შესრულების ნებართვის მისაღებად.

”ჩვენი სააგენტო მიესალმება ნებისმიერი კომპანიის დაინტერესებას ჩვენი ავიაბაზრით, ასევე ახალი მიმართულეების დამატებას. ბუნებრივია, “ჯორჯიან ეარვეისსაც” ექნება ჩვენი თანხმობა, როგორც კი სააგენტოში ოფიციალურ განცხადებას შემოიტანს”, – განმარტა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას. ყველა ავიარეისი სრულდება 180-ადგილიანი „აირბას A320“ და 230 ადგილიანი„ აირბას A321“ ტიპის საჰაერო ხომალდებით.

მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com