LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი საუკუნეების წინ და ახლა – უნიკალური ფოტოები არქივიდან

566

გასული საუკუნეების თბილისი თანამედროვესგან მკვეთრად განსხვავდება, თუმცა შენობების უმეტესობას ყველა თქვენგანი ადვილად იცნობთ. საქართველოს დედაქალაქში მეცხრამეტე – მეოცე საუკუნეებში მეტი სივრცე, სიმწვანე და სუფთა ჰაერი იყო. სამწუხაროდ, ისტორიული ნაგებობების დიდი ნაწილი დაინგრა, ან რესტავრაციას საჭიროებს.

გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს შესადარებლად, როგორი იყო თბილისი გასულ საუკუნეებში და როგორია ახლა :

ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი

 

 

გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი. შენობა 1910 წელს მიხეილ ოჰანჯანოვის და რ. გოლენიშჩევის პროექტით აშენდა და მასში სახელმწიფო ბანკი იყო განთავსებული.

 

ცისფერი გალერეა


შენობა, რომელშიც ეროვნული გალერეა არის განთავსებული, 1888 წელს რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით აშენდა და რუსეთის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი იყო განთავსებული. მან პირველ მსოფლიო ომამდე იარსება. შენობა ცისფერი გალერეის სახელით არის ცნობილი

 

თბილისი მარიოტი

 

სასტუმრო “თბილისი-მარიოტის” შენობა სომეხი მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა 1915 წელს ააშენა. შენობამაღალი კლასის სასტუმროდ იყო ჩაფიქრებული და მას “მაჟესტიკი” ერქვა. 1916 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმროს პროექტი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. I მსოფლიო ომის დროს “მაჟესტიკში” სამხედრო ჰოსპიტალი გახსნეს, გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს იგი მუშათა სასახლედ გადაკეთდა.

შენობა 1991-1992 წწ-ში თბილისში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების დროს დაზიანდა.

2002 წელს შენობა აღადგინეს და აქ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო – “თბილისი-მარიოტი” განთავსდა.

 

მეტეხის ტაძარი

მეტეხის ღვთისმშობლის შობის ეკლესია ერთ-ერთი უძველესთაგანია თბილისში აშენებულ ეკლესიათა შორის. „მეტეხი“ გვხვდება XII საუკუნის ისტორიულ წყაროებში. XVII საუკუნის II ნახევარში მეტეხის ტაძარი მიტოვებული და დაზიანებული ყოფილა. 1661 წელს მეფე ვახტანგ V -მ ტაძარი აღადგინა და თოფის წამლის საწყობად აქცია .ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ტაძარი უმოქმედოდ იყო. 1979 წლიდან აქ სპექტაკლებს მართავდა სახელმწიფო ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია. 1988 წლის მაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ტაძარს ახალი ჯვარი დაადგეს და წირვა-ლოცვა განაახლეს.

 

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი

შენობა გოლოვინის პროსპექტზე (რუსთაველის გამზირი) 1896 წელს აშენდა .მაშინდელი „ სახაზინო თეატრის“ პროექტი არქიტექტორ შრეტერის ეკუთვნის. შენობა 1200 მაყურებელზე იყო გათვლილი .
შენობას ისლამური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტები აქვს. ახალ შენობას 1973 წელს ხანძარი გაუჩნდა, რომელმაც თითქმის მთლიანად დააზიანა ინტერიერი.
ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობას მაშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები გასულ წელსაც ჩაუტარდა.

 

რუსთაველის გამზირი

თბილისის მთავარ ქუჩას მე-19 საუკუნეში მთავარმმართებლის გოლოვინის სახელი ეწოდებოდა. ყოფილ გოლოვინის პროსპექტზე ძირითადად ბურჟუაზია სახლდებოდა- თავადაზნაურობა , მაღალი ჩინის სამხედრო პირები და მეფის მოხელეები.

 

ჭრელი აბანოები

აბანოთუბანში შემორცენილ აბანოთა უმრავლესობა XVII-XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი .ბოტანიკური ბაღის აღმართის დასაწყისში თავმოყრილ გოგირდის აბანოების ტერიტორიას აბანოთუბანი ეწოდება . ისტორიული ცნობებით XIII ს. თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა.

 

 

თბილისის საკრებულო

შენობა 1824-25 წლებში აშენდა. ქალაქის თვითმმართველობის შენობაში რომელსაც „საქალაქო სახლი“ ეწოდებოდა მოგვიანებით კავკასიის კორპუსის შტაბი განთავსდა, საბჭოთა პერიოდში კი სამხედრო პროკურატურა იყო. შენობის არქიტექტურა ადრეული რუსული კლასიციზმის ნიმუშია.

 

პარლამენტის შენობა

 

პარლამენტის ახალი შენობის ადგილზე გასულ საუკუნეში ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი იდგა. ტაძრის ეზოში 1921 წელს წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპული სამხედრო სკოლის სტუდენტები (იუნკერები)დაასაფლავეს. ალექსანდრე ნეველის ტაძარი საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით 1930 წელს დაანგრიეს.პარლამენტის ახალი შენობას სვეტებიანი ფასადი მოგვიანებით მიაშენეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები