LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმში 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას

73

28-29 ნოემბერს „თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 50 ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განაცხადა.

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. მისი განცხადებით, ღონისძიების მნიშვნელობა ძალიან დიდია და შესაბამისად, წელს დაინტერესებაც საკმაოდ მაღალია.

„ფორუმზე თხუთმეტზე მეტ მინისტრს ველოდებით, ასევე გვესტუმრებიან მოლდოვისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები და სლოვენიის ვიცე- პრემიერი. ფორუმზე ჩამოვლენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები. საერთო ჯამში, ველოდებით 34 ქვეყნის უმაღლეს პირს და ასევე მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელს“, – განაცხადა გენადი არველაძემ.

მისი თქმით, აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოს ცნობიერება აიწევს და ეს მნიშვნელოვანია საინვესტიციო ნაწილში.  „აბრეშუმის გზის ინიციატივა ჩინეთის პრეზიდენტის მიერ არის დაანონსებული და ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ამ ინიციატივას გამოეხმაურა, იყო საქართველო. ჩვენ აღნიშნული ფორუმით ვაგრძელებთ ინიციატივის მხარდაჭერას და ვართ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში ამ პროექტში ჩართულობის ნაწილში. ფორუმი ასევე ემსახურება ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდას – ჩვენ ველოდებით ამ ნაწილში სხვადასხვა მემორანდუმებზე ხელმოწერას, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს“, – აღნიშნა არველაძემ.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები