LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ბაროკო ფესტივალი 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე გაგრძელდება

74

2017 წლის 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით ბაროკოს რიგით მესამე ფესტივალი შედგება და  რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში 7 კონცერტი გაიმართება. 2017 წლის ფესტივალი კიდევ უფრო გამორჩეული იქნება წინა წლებში ჩატარებული ფესტივალებისგან, ვინაიდან მსმენელის წინაშე ყველა კონცერტზე მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები წარდგებიან: ქეთევან ქემოკლიძე (მეცოსოპრანო), სალომე ჯიქია (სოპრანო), ანი ცარციძე (სოპრანო), სერგეი მალოვი (ვიოლინო/ალტი, რუსეთი); ჟან რონდო (კლავესინი, საფრანგეთი);  დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია); სერჯიო აზოლინი (ფაგოტი, იტალია); ეტიენ გალეტიე (თეორბო, საფრანგეთი); კორნელია ფონ კერსენბროკი (დირიჟორი, გერმანია); ჯოვანი დი ანჯელი (ჰობოი, იტალია) და სხვა.

მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრების ხუთეულში შესული ორკესტრი –  ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია“ პირველად ესტუმრება საქართველოს.

11 ნოემბერს ქართველი მსმენელებისათვის განსაკუთრებული სიურპრიზი შედგება. ამ საღამოს, ევროპულ მუსიკასთან ერთად, ფესტივალზე პირველად წარმოადგენენ ქართულ მუსიკას, რადგან  ქართული კულტურა ნამდვილად არის ევროპული კულტურის ნაწილი, საქართველოში არსებობს ბაროკოს ეპოქის და კიდევ უფრო ძველი პერიოდის მუსიკა – საგალობლები, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს საგანძურს წარმოადგენს. 11 ნოემბერს, თბილისის ბაროკო ფესტივალზე გაიმართება კონცერტი სახელწოდებით „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკა“.  ქართულ საგალობლებს შეასრულებს ანჩისხატის მგალობელთა გუნდი, რომელმაც უკვე მოიპოვა აღიარება  საერთაშორისო ასპარეზზე და საეკლესიო მუსიკის სპეციალისტების მაღალი შეფასებაც არაერთხელ დაისახურა.

ისევე, როგორც გასული ფესტივალები, 2017 წლის ფესტივალიც დატვირთული იქნება მასტერკლასებით, სამეცნიერო და შემეცნებითი ლექციებით, რომლებსაც უცხოელი და ქართველი სპეციალისტები ჩაატარებენ ღონისძიების ფარგლებში.

2017 წლის 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით თბილისის ბაროკო ფესტივალი მსოფლიოს ვარსკვლავებთან და საქართველოს სინფონიეტასთან ერთად კიდევ ერთხელ გააცოცხლებს ბაროკოს ეპოქას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები