LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის დინამოს ყოფილი მცველი: აი როგორ უნდა წარვადგინოთ ზურაბ სოტკილავა

276

ზურაბ სოტკილავამ ფეხბურთის თამაში 16 წლისამ დაიწყო, ის სოხუმის „დინამოშ’ მოხვდა, სადაც განაპირა მცველის პოზიციაზე თამაშობდა. 1956 წელს ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი გახდა. მაშინ 20 წლის იყო. თუმცა მერე ბედმა სხვაგვარად ინება.

 

„სოხუმში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, სახლთან იყო დიდი მინდორი, სადაც მთელი ზაფხული ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი ფეხბურთს. სპეციალისტები მოდიოდნენ და გვაკვირდებოდნენ. ერთხელაც, როდესაც 12 წლის ვიყავი, მოვიდა ჩემთან მწვრთნელი და ორი წლის შემდეგ “აფხაზეთის” ახალგაზრდულ გუნდში აღმოვჩნდი, ხოლო 19 წლისა უკვე თბილისის “დინამოში” ვთამაშობდი”, – იხსენებს სოტკილავა საკუთარი ცხოვრების ერთ-ერთ ეპოზოდს.

1955-დან 1959 წლებში სოტკილავა თბილისის „დინამოში“ გამოდიოდა. 1959 წელს კარიერის დასრულება მძიმე ტრავმების გამო მოუხდა.

 

“არასდროს გამჩენია ეჭვი და მეგონა, რომ ყოველთვის ერთი საქმით ვიქნებოდი დაკავებული – ვითამაშებდი ფეხბურთს. დღემდე, რისთვისაც კი ცხოვრებაში მიმიღწევია, ყველაზე მეტად ვამაყობ იმით, რომ როდესაც მე საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ვიყავი, გავხდით საბჭოთა კავშირის ჩემპიონები”, – ნათქვამი აქვს სოტკილავას.

 

 

– არაერთხელ მიმიღია სიამოვნება როგორ მატჩისგან, ისე სპექტაკლისგან. მაგალითად, ცნობილ კომენტატორ ნიკოლაი ოზეროვთან ვმეგობრობდი, ის ჩემს სპექტაკლებს არასოდეს აცდენდა. და ერთხელ ისე მოხდა, რომ თბილისის “დინამო” შინ ეთამაშებოდა მოსკოვის “სპარტაკს”, მე კი სცენაზე გამოსასვლელად უნდა წავსულიყავი – ობრაზცოვასთან ერთად უნდა მემღერა ოპერაში. ოზეროვს დავენიძლავე, რომ სცენაზე, შუა სპექტაკლისას გამოვუცხადებდი ანგარიშს. არ დამიჯერა. და აი, ოზეროვი დარბაზში ზის, მე კი სუფლიორს ვეუბნები, რომ კარნახი არ მინდა და უჯობს, ფეხბურთის რეპორტაჟს უსმინოს რადიოში. და შუა მოქმედებისას მიყვირის: “3:1 ჩვენს სასარგებლოდ”. ჩემს არიაში ასეც წავიმღერე: “3:1 ჩვენს სასარგებლოდ”. ობრაზცოვა შეკრთა, მე კი დარბაზს ვუყურებ და ვხვდები, ოზეროვის გარდა ვერავინ ვერაფერი გაიგო.

 

1981 წელს, როდესაც თბილისის „დინამომ“ ევროპის თასების თასი მოიგო, სოტკილავა იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში მღეროდა. კონცერტამდე მასთან იმპრესარიო მივიდა და დაინტერესდა, როგორ წარედგინა პუბლიკისთვის. სოტკილავამ გაიღიმა და უპასუხა: „მოკლედ თქვით: თბილისის „დინამოს“ ყოფილი მცველი…

 

ზურაბ სოტკილავა დღეს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები