LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი 31 მაისს გაიხსნება

148

2018 წლის 31 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის ახლად გახსნილ სასტუმროში „სტამბა“ თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის გახსნის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება. ამავე დღეს ორგანიზაცია „თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმსა“ და  კომპანია “აჭარა ჯგუფს“  შორის თანამშრომლობაზე შეთანხმების ხელმოწერაც გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერი კახა კალაძე, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი ოლივიე ბურკი,   კომპანიის “აჭარა ჯგუფი“  აღმასრულებელი დირექტორი  ვალერ ჩეხერია და მმართველი დირექტორი ლევან ბერულავა. ღონისძიებას უმასპინძლებენ თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის თანადამფუძნებლები  ნესტან ნიჟარაძე და ტუსი კაპანაძე.

საქართველოს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებას ახალი მნიშვნელოვანი ერთეული შეემატება  – თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი. მუზეუმი პირველი ინსტიტუცია  გახდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც მთლიანად იქნება ფოკუსირებული თანამედროვე გამოსახულებაზე – ფოტოზე, ახალ მედიებზე, ვიდეოზე და კინოზე. მუზეუმი განთავსდება სასტუმროში „სტამბა“.

მუზეუმის ბაზაზე გაიხსნება მედიათეკა და  მულტიმედიური არქივი. მედიათეკა გააერთიანებს ფოტოწიგნებისა და მულტიმედიის უნიკალურ არქივს, რომელიც  თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმს საჩუქრად ცნობილი ფრანგი ფოტოკურატორის და პარიზის ისტორიის მუზეუმის ფოტოდეპარტამენტის დამაარსებლის, ფრანსუაზა რენოსგან გადმოეცემა. მულტიმედიური არქივი, რომელიც  ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი, თბილისის ფოტოფესტივალის არსებობის 10 წლის განმავლობაში დაგროვილი მულტიმედიური პროექტების უნიკალურ კოლექციას  გახდის ხელმისაწვდომს ფართო საზოგადოებისათვის.

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი პირველი მუზეუმია  ამიერკავკასიაში, რომელიც ქალი პროფესიონალების გუნდმა შექმნა. მუზეუმის  მიზანია: ქართული ვიზუალური კულტურის მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია, ინსტიტუციონალიზაცია და შესწავლა; ფოტოგრაფიის განვითარების ხელშეწყობა; რეგიონში ქალი ფოტოგრაფების გაძლიერება და ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებასაც მუზეუმი აპირებს. სწორედ ამ აქტივობების ერთიანობა  ისახავს მიზნად თვისობრივად  ახალი ტიპის, ევროპული სტანდარტის  მუზეუმის შექმნას.

მუზეუმი იხსნება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროექტის „ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისათვის“ კომპონენტის ფარგლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები