LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის გენგეგმის არსი და შემუშავებული დოკუმენტი – მოლოდინები, პრეტენზიები და მხარეთა პოზიციები

თბილისის მერია “სითი ინსტიტუტის” მიერ წარმოდგენილ თბილისის გენერალური გეგმის პროექტს იწუნებს და მასში ხარვეზებს ხედავს. დაუჭერს თუ არა მერია გენგეგმას მხარს, ჯერჯერობით  უცნობია, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე საკმაოდ მკვეთრი განცხადებები კეთდება, როგორც „სითი ინსტიტუტის“, ასევე მერიის მხრიდან.

„სითი ინსტიტუტი“ მერიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის პრობლემაზე მიუთითებს, მერიაში კი ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ მათთან კომუნიკაცია არა ერთხელ ჰქონდათ.

რაც შეეხება გენგეგმის შინაარსს, როგორც ირკვევა, მერიას პრეტენზიები მის მე-6 ნაწილთან დაკავშირებით აქვს. გეგმის პირველი 5 ეტაპი არსებული მდგომარეობის აღრიცხვას მოიცავს, მე-6 ეტაპი კი გადაწყვეტილებებსა და კონცეფციებს.

კერძო საკუთრების ცნების იგნორირება, ავარიული სახლების ჩანაცვლების სტრატეგიის არქონა, გამწვანების სტრატეგიის არქონა, მწვანე არეალების იგნორირება, არსებული კვარტლური გამწვანებების გაქრობა და მათ ადგილას განაშენიანების კოეფიციენტების გაჩენა და მწვანე არეალების იგნორირება, შეუსწავლელი მდინარეების, ჭალებისა და ხევების გახსნის საკითხი, (გასარკვევია, რა დაუჯდება მერიას ამ რჩევის გათვალისწინება), წყალარინების, გაზმომარაგების, ელექტრომომარაგების რუკებზე ხარვეზები – ეს ის ძირითადი ხარვეზებია, რომელიც მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა, გეგმასთან დაკავშირებით პრეზენტაციისას წარმოადგინა.

ილია ელოშვილი ამბობს, რომ ხელშეკრულების მიხედვით, გენგეგმის ჯგუფს ევალებოდა, რომ შეთავაზებული პროექტების ხარჯთაღრიცხვა უნდა წარედგინა. მისივე თქმით, „სითი ინსტიტუტის“ ნებისმიერი გადაწყვეტილება ემყარება თეზისს – „ჩვენ შემოგთავაზეთ, ხოლო შემდგომში თუ რა შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი კერძო საკუთრების კუთხით ან ბიზნესის განვითარების კუთხით, ეს უკვე თქვენ თვითონ გაარკვიეთ“.

 

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არსი

მიწათსარგებლობის გეგმაზე მომუშავე ჯგუფში მიაჩნიათ, რომ  გენგეგმა, რომელიც მზა სახით უკვე დევს თბილისის მერიაში, სწორედ იმ გამოწვევებს პასუხობს, რომელიც ქალაქის წინაშეა. გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი, მამუკა სალუქვაძე, ამბობს, რომ ეჭვი ეპარება, რამდენად კარგად არის გაგებული მერიის მხრიდან თავად გენგეგმის არსი.

მისი თქმით, გენგეგმა გრგ–ს (განაშენიანების რეგულირების გეგმის) შედგენას არ მოიცავს. ბოლქვაძემ განაცხადა, რომ გენგეგმის მიღების შემდეგ უნდა შემუშავდეს თბილისის ტერიტორიაზე კონკრეტული არეალების განაშენიანების რეგულირების გეგმები.

მერიას რომ გენგეგმის დოკუმენტთან დაკავშირებით სხვა მოლოდინები ჰქონდა, ასეთი შთაბეჭდილება დარჩა ურბანისტ ცირა ელისაშვილსაც. ის „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტს არ იცნობს და სიღრმისეულ კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს.  თუმცა, ამბობს, რომ „მერიას, სავარაუდოდ, უფრო სხვა მოლოდინები ჰქონდა, ვიდრე შეიძლება, იმ დოკუმენტის მიმართ ჰქონოდა, რომელსაც ზოგადად, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ჰქვია“. 

მისი თქმით, გენგეგმა არის პირველი ეტაპი, რომელსაც მერე უნდა მოჰყვეს სხვადასხვა სფეროს თვალსაზრისით გაგრძელება, რაშიც ცირა ელისაშვილი კვლევებსაც გულისხმობს.

ურბანისტი იმ პრეტენზიებსაც ეხმიანება, რომელიც პრეზენტაციისას ილია ელოშვილმა გეგმასთან დაკავშირებით გამოთქვა.

„მე ერთ-ერთ არგუმენტად მოვისმინე გუშინ, რომ ავარიული სახლების კვლევა არ არის გაკეთებული და არც მათი ჩანაცვლების ხარჯთაღრიცხვაა წარმოდგენილი. ეს გენგეგმის არც ამოცანა ყოფილა არასოდეს, არც დავალებაში ყოფილა გაწერილი. ასეთი ტიპის ლოკალური ინფორმაცია შემდგომი ეტაპია. გენგეგმა პირველი ეტაპია, რაც ქალაქის სტრატეგიას ნიშნავს, თუ როგორ ხედავს განვითარების თვალსაზრისით კონკრეტულ არეალებს და შემდეგ უნდა იყოს ჩატარებული შემდგომი კვლევები.

„გამწვანების თვალსაზრისით, გენგეგმის ჯგუფი ამბობს, რომ პირიქით, მრავალგზის გაზრდილია გამწვანების ტერიტორიები და არამარტო სატყეოს ხარჯზე, არამედ რეკრეაციული ახალი ზონების გაჩენის თვალსაზრისით. ეს ჩემთვის არგუმენტი ნამდვილად არის. 

„კერძო საკუთრების ცნებას რაც შეეხება, ამიტომ ვამბობ, რომ შესაძლებელია, მერიას სხვა მოლოდინები ჰქონდა იმიტომ, რომ გენგეგმა არ არის მხოლოდ მარეგულირებელი დოკუმენტი, ის პოლიტიკური გადაწყვეტილებაცაა. თუ კონკრეტულ ტერიტორიას გენგეგმის ჯგუფის მიერ აქვს მითითებული სარეკრეაციო ზონის სტატუსი და ის ტერიტორიები უკვე გაყიდულია, ამის მომსწრენი არა ერთხელ ვყოფილვართ, ამ თვალსაზრისით პოლიტიკური გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მერიამ უნდა მიიღოს, როგორ ანაცვლებს ამ ტერიტორიას, რა ადგილმონაცვლეობას სთავაზობს ინვესტორს.

„არსებული კვარტალური გამწვანებების გაქრობასთან და მათ ადგილას განაშენიანების კოეფიციენტების გაჩენას რაც შეეხება, იქ მხოლოდ ერთ სლაიდზე იყო საუბარი, რომელზეც გენგეგმის ჯგუფის წევრმა, ბატონმა ბოლქვაძემ თქვა, რომ ეს არის ტყუილი, აქედან გამომდინარე, საინტერესო იქნება ორივე მხარის მოსმენა,“ – ამბობს ცირა ელისაშვილი.

ისეთ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც, მაგალითად, არსებული კვარტალური გამწვანებების გაქრობა და მათ ადგილას განაშენიანების კოეფიციენტების გაჩენაა, ცირა ელისაშვილი პრეზენტაციიდან უფრო კონკრეტული ინფორმაციის მიღებას ელოდება. ის ამბობს, პროექტთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და მიიჩნევს, რომ მათ „სითი ინსტიტუტის“ არგუმენტირებული პასუხები სჭირდება. 

 

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის ხედვა გენგეგმაზე და მათი არგუმენტები

თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ ოპოზიციაში.

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, “ახალი  საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ გეგმაში ნამდვილად ბევრი ხარვეზია, თუმცა, მიიჩნევს, რომ  ისინი მერიას აქამდეც უნდა აღმოეჩინა.

ვაშაძემ განაცხადა, რომ წინა მერის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ის დაინტერესდა, მიმართა თუ არა თბილისის მერიამ საკითხის შესასწავლად პროკურატურას. ილია ელოშვილმა კი ამ შენიშვნას “უტრირება და გადამეტება” უწოდა . 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ გენგეგმა სწრაფად უნდა მიიღონ. სწრაფად მიღების საჭიროებას ზაალ უდუმაშვილი იმით ხსნის, რომ  „ბიძინა ივანიშვილს რაღაც ტერიტორიების მიერთება და საკუთარ სახელზე დამტკიცება არ მოუნდეს“.

ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ამ დოკუმენტს რამდენჯერმე გაეცნო და გეგმის ავტორებსაც შეხვდა.

„ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც მოამზადეს პროექტის ავტორებმა,“ – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი,  „ცეხავიკების ბრძოლად“ აფასებს. 

ელისაშვილი ამბობს, რომ გეგმის ამოქმედების შემთხვევაში, „ქალაქი ამოისუნთქებს“.

„მათი მიზანია, ეს გენგეგმა დაძირონ და ქალაქში გაგრძელდეს ის სამშენებლო ქაოსი და მავნებლობა, რაც აქამდე იყო,” – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

თბილისის მერობის კიდევ ერთი ყოფილი კანდიდატი, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, ელენე ხოშტარია, ამბობს, რომ მერიამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გენგეგმის ჯგუფის საჯარო სასამართლო მოაწყო.

„ამდენი ადამიანი ვისხედით და ვუსმენდით თავისივე დაქირავებულ ჯგუფთან, რომელსაც ჩვენ ვუხდით ფულს, გარჩევებს,“ – ამბობს ელენე ხოშტარია.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი, ალბათ, ერთადერთი დოკუმენტია, რაზეც თბილისის მერიისა და „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლის, ნატა ფერაძის, მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა.   

როგორც ფერაძე ამბობს, „სითი ინსტიტუტის“ წარმოდგენილი დოკუმენტი მერიამ არ უნდა მიიღოს.

„ჩემთვის არავის არ აუხსნია და გენგეგმა არის საკმაოდ რთული გასაგები დოკუმენტი.  მათ ჩვენთან ეს ახსნა-განმარტება არ გაუკეთებიათ. დღეს მე დავრწმუნდი და ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც მე თბილისის მერიის მხარეს ვარ და მადლობელი ვარ იმიტომ, რომ ძალიან კარგად აგვიხსნა ის ყველა შეცდომა და მე ვთვლი, რომ ის დოკუმენტი ამ სახით მიღებული არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა,  ჩვენ გვჭირდება მიწათსარგებლობის გეგმა, თუმცა, ამ სახით ამის მიღება მიუღებელია, თუნდაც იმიტომ, რომ არ ყოფილა სათანადო განხილვები და არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ,”  –  განაცხადა ნატა ფერაძემ.

დაუჭერს თუ არა მხარს მერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

 

 

თაკო ივანიაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები