LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ჯაზფესტივალის ბილეთების გაყიდვა დაიწყო!..

62

წელს თბილისის ჯაზფესტივალზე ჟანრის მოყვარულებს ნამდვილად დიდი ზეიმი გელით. 10 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სცენას დაიკავებს პიანისტი, რომელსაც ბათუმის ჯაზფესტივალის მსმენელი დიდი მონდომებით ელოდა, თუმცა რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო ჯეიმი კალუმი ბათუმს ვერ ეწვია, სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით, რომ ის ნოემბერში, თბილისის ჯაზფესტივალის სტუმარი იქნება. ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ბრიტანელი ჯაზშემსრულებელი, რომელსაც მილიონობით მსმენელი ჰყავს, თბილისში საინტერესო პერფორმანსს შემოგვთავაზებს.

ჯაზფესტივალის კიდევ ერთი სტუმარი და უდავოდ, მისი ჰედლაინერი გახლავთ ქენდი დალფერი, საქსოფონისტი ქალბატონი, რომლის ლაივგამოსვლები გულგრილს არავის ტოვებს, საკუთარი ცნობილი კომპოზიციების გარდა, დალფერი ცნობილი სტანდარტების საინტერესო ინტერპრეტაციებითაც გამოირჩევა. მას გვერდს ყოველთვის საუკეთესო მუსიკოსები უმშვენებენ და ეს თბილისშიც, რა თქმა უნდა, ასე იქნება. დალფერი ღონისძიების სტუმარი 12 ნოემბერს იქნება.

13 ნოემბერს ჯაზვოკალისტი გრეგორი პორტერი დაგვატკბობს თავისი დაბალი, ხავერდოვანი ხმით და კომპოზიციებით. 2014 წელს მას საუკეთესო ჯაზური ვოკალური ალბომისთვის „გრემი“ მიენიჭა.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 15 სექტემბრიდან საიტ tkt.ge-ს საშუალებით უკვე შეგიძლიათ ბილეთების შეძენა, „თი-ბი-სი“-ს კონკრეტული ბარათების მფლობელებს კი სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებაც გეკუთვნით, როგორც ტრადიციულად ყველა ამ ღონისძიებაზე. ბილეთების შეძენა ფილარმონიის სალაროშიც შეგიძლიათ.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები