LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მოდის კვირეული გრძელდება – ცნობილი დიზაინერები და ახალი სახეები

179

თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი გრძელდება. კვირეულის ჩვენების მეორე დღე LALO-მ გახსნა 2016-2017 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციით სასტუმროში „რუმს თბილისი“.   ბრენდი LALO უკვე რამდენიმე წელია რაც არსებობს, ის ტყუპი დების ნინა და ლალო დოლიძეების შემოქმედებას აერთიანებს. ბრენდის ფავორიტ პროდუქციას ხელით ნაქსოვი კარდიგანები წარმოადგენს, რომელიც Tbilisi FashionWeek-ზეც იყო წარმოდგენილი. LALO-ს ჩვენებას უამრავი ცნობადი სახე დაესწრო.

„ფორტუნა“ თბილისის მოდის კვირეულის სტუმრებს გაესაუბრა.

თაკო გაჩეჩილაძე: „მე ყოველთვის ძალიან მომწონს LALO, თავისი სტილი აქვს, განსხვავებულია, დღესაც კმაყოფილი ვარ და ძალიან მომეწონა კოლექცია. ერთი ნაქსოვი კაბა მომეწონა ძალიან , რომელსაც დიდი სიამოვნებით ჩავიცვამდი. რაც შეეხება ზოგადად „თბილისის მოდის კვირეულს“ რა თქმა უნდა ვითარდება და ის ფაქტი რომ ყოველ სეზონზე იმართება მოდის კვირეული ძალიან კარგია საქართველოსთვის.“

LALO-ს ჩვენებას ასევე ესწრებოდა ცნობილი ტელე-წამყვანი ეკო ფანგანი. “LALO გამოირჩევა იმით რომ, ძალიან მალე გახდნენ წარმატებულები მთელ მსოფლიოში, მე პირადად ძალიან ვამაყობ ამით. მე მათი თაყვანისმცემელი ვარ და მათი კარდიგანიც მაქვს. ვულოცავ და კიდევ უფრო ბევრ წარმატებას ვუსურვებ” – აღნიშნა ეკომ.
„ლალოს ჩვენება ნანახი მქონდა უკვე კიევის მოდის კვირეულზე და აღფრთოვანებული ვარ. ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ და ძალიან მომწონს პირველ რიგში მათი ხარისხი და ვთვლი რომ თბილისში ლალო არის ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერი და წარმატებები მას… ზოგადად, ქართული მოდა ყოველ წელს წინ მიდის და ამაში დიდი წვლილი TFW-ს მიუძღვის“,- ასე შეაფასა ჩვენება ცნობილმა მოდელმა და დიზაინერმა სალომე ღვინიაშვილმა.

LALO-ს ჩვენებას მოდის მარკეტოლოგი ნინო იოსელიანიც დაესწრო. „საერთოდ თვითონ LALO ბრენდი ძალიან მომწონს, მე თვითონ მომხმარებელი ვარ მისი კარდიგანების და ახლანდელი კოლექცია ბევრად უფრო განსხვავებული იყო იმ სტილისაგან, რაზეც მუშაობენ, ძალიან საინტერესო კოლექცია იყო წარმოდგენილი , ლამაზი ფერებით. ვფიქრობ, წარმატებას მიაღწევენ ისინი ამ კოლექციით არა მარტო საქართველოში არამედ ევროპაშიც რადგან ძალიან ფასობს და მოსწონთ საზღვარგარეთ ხელით ნაქსოვი კარდიგანები. დღეს წარმოდგენილ თითქმის ყველა მოდელს ჩავიცვამდი სიამოვნებით. რაც შეეხება ზოგადად Tbilisi FashionWeek-ს, ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანაში მოდის ინდუსტრია ვითარდება, ყოველ სეზონზე ახალ სახეებს ვეცნობით და ეს ძალიან კარგია.“

როგორც დიზაინერმა თამუნა ინგოროყვამ „ფორტუნასთან“ საუბარში განაცხადა, ნინა და ლალო მისი მეგობრები არიან და ძალიან ახლო შეხება აქვს მათ შემოქმედებასთან. „ძალიან საინტერესო ჩვენება იყო და ძალიან მომწონს მათი შემოქმედება“, – აღნიშნა თამუნა ინგოროყვამ

ჩვენების დასრულებისთანავე ცნობილ ქართველ მოდელსა და დიზაინერს ანუკი არეშიძეს გავესაუბრეთ. „ლალო ძალიან ნიჭიერი გოგოა და პირველი ადამიანი იყო საქართველოში და თბილისში, ვინც ასეთი ხელით მოქსოვილი ჟაკეტები გააკეთა, თან ასეთი ხარისხის. მინდა აღვნიშნო რომ მას ჰყავს ძალიან ბევრი მიმბაძველი, თუმცა LALO-ს ხარისხამდე ძალიან ბევრი უკლია ყველას, ლალო ძალიან მაგარი გოგოა, იმიტომ რომ ჟაკეტებიდან მთლიან კოლექციაზე გადავიდა და მინდა წარმატებები ვუსურვო. დღეს წარმოდგენილი კოლექციიდან ყველას ჩავიცვამდი და ბევრი მისი ჟაკეტი მაქვს გარდერობში“.

LALO-ს ჩვენების შემდეგ ახალი ქართული ბრენდის LTFR-ის პრეზენტაცია გაიმართა „რუმსის“ პარკინგზე. ეს იყო ერთდროულად მოძრავი და სტატიკური პერფორმანსი. Tbilisi FashionWeek-თვისაც ძალიან უცხო და ახალი იყო ჩვენების ასეთი სახე, LTFR-ის შემდეგ სტუმრებმა პარკინგიდან დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც Dalood-ის ჩვენება გაიმართა, დღის აღმოჩენა იყო ახალი ბრენდი Inky Gold-ი. თბილისის მოდის კვირეულის მეორე დღე სალომე ღვინიაშვილის ჩვენებამ დახურა. შეგახსენებთ რომ Tbilisi FashionWeek 31 მარტს დაიწყო და 3 აპრილს სრულდება.

 

ფოტოები აღებულია თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური გვერდიდან

 

LALO F/W 2016 at Tbilisi Fashion Week

 

 

DALOOD by ANA DATUKISHVILI F/W 2016 at Tbilisi Fashion Week

 

Salome Gviniashvili F/W 2016 at Tbilisi Fashion Week

 

Inky Gold F/W 2016 at Tbilisi Fashion Week

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები