LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი ლაკო ბუკიას ჩვენებით გაიხსნა

80

31 მარტს თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.  ქართველი დიზაინერები 2016/17 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის კოლექციებს წარმოადგენენ. საქართველოს ყველაზე მოდური ღონისძიება 3 აპრილის ჩათვლით  სასტუმრო ROOMS TBILISI-ში, ოპერასა და რუსთაველის თეატრში გაიმართება. ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში ქართველი დიზაინერების 20-ზე მეტი ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი: ჩუბიკა, გიორგი შაღაშვილი, დალოოდი, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, ნინი ჭელიძე, INKY GOLD, ატელიე 27, ტამანინი, Materiel by Lika Chitaia, თამთა შინდელიშვილი და JK LINE.

„ფორტუნა“  თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორს თაკო ჩხეიძეს გაესაუბრა:

„ძალიან კარგი სტარტი იყო. დღეს მთელი დღე გავატარე უცხოურ პრესასთან ერთად. გვქონდა სითი ტური, დაათვალიერეს თბილისი,  ვიყავით ოპერაში სადაც დაესწრნენ „ფასკუნჯი“–ს გენერალურ რეპეტიციას,  ძალიან მოიხიბლნენ. შემდეგ ვიყავით მერაბ აბრამიშვილის გამოფენაზე. სულმოუთქმელად ელოდნენ ჩვენებებს და  დიდი შთაბეჭდილებით დაესწრნენ მას“.

კვირეულის პირველი ჩვენება ლაკო ბუკიამ გახსნა. იგი 9 წელია უკვე უცხოურ მოდის სახლებთან თანამშრომლობს. მისი კოლექციები არაერთხელ იყო წარმოდგენილი ლონდონსა და მოდის დედაქალაქ პარიზში. ჩვენების დასასრულს რადიო „ფორტუნა“ ლაკოს პირადად გაესაუბრა:

„ ჩვენებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი ინსპირაციის წყარო იყო კერამიკული ფილები,  დიზაინი ქსოვილზე გავაკეთე საკუთარი ხელით. მომავალში ცოტას დავისვენებ და ისევ შევუდგები შემდეგი სეზონის კოლექციის დამზადებას. ასევე, ვაპირებ კიდევ ერთხელ პარიზში წასვლას. მინდა ვთქვა, რომ ქართველ დიზაინერებს, რომლებიც მხოლოდ საქართველოში მოღვაწეობენ კარგი შესაძლებლობა აქვთ საკუთარი კოლექციების რეალიზებისთვის, რადგან ძალიან დიდი დაინტერესებაა უცხოური პრესის მიერ. დიდი შანსია მომავალში რამდენიმე ქართველმა დიზაინერმა  დიდ პოპულარობას მიაღწიოს საერთაშორისო ასპარეზზე.“

ჩვენებას ესწრებოდა სამოდელო სააგენტო „look models”-ის დამფუძნებელი ნინო ცქიტიშვილი და ასევე ერთ-ერთი წარმატებული მოდელის თაკო ნაცვლიშვილის დედა:

„ლაკო ძალიან მიყვარს და ძალიან მომწონს მისი კოლექციები. მას ეტყობა ის განათლება, რომელიც მან უცხოეთში მიიღო.  ძალიან უცხო კოლექცია წარმოგვიდგინა. ასევე კოლექცია იყო პრაქტიკულიც და ამავე დროს ისეთი, რომ  მას გამოსასვლელად უპრობლემოდ ჩაიცვამ. რაც შეეხება თაკოს, ის არ იღებს ამ მოდის კვირეულში მონაწილეობას, რადგან თბილისში მხოლოდ დასასვენებლად ჩამოდის. მართალი, რომ გითხრათ ცოტა დაიღალა ამ სფეროთი.

ლაკო ბუკიას ჩვენების, შემდეგ ჩუბიკამ წარმოადგინა თავისი კოლექცია. ბოლოს კი ოპერაში დალოოდის ჩვენებამ დახურა.

ოპერაში დალოოდის ჩვენებაზე იმყოფებოდა ერთ-ერთი წარმატებული ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე:

„თავი მეგონა პარიზის მოდის კვირეულზე. საოცრად კარგი კოლექცია იყო, ყველაფრით გამართული. კოლექციის გემო იყო სასწაულად კარგი. მინდა ვთქვა, რომ ასეთი ჩვენება მაკას ჯერ არ ჰქონია და ასევე არც თბილისის მოდის კვირეულზე მსგავსი ჩვენება არ ყოფილა. ვარ საოცარი ემოციების ქვეშ და ვარ ძალიან ბედნიერი.“

თბილისის მოდის კვირეულის მე-13 სეზონი 3 აპრილამდე გაგრძელდება. კვირეულის პარალელურად თბილისი მოლში ქართველი დიზაინერების შოურუმი უკვე გახსნილია, რომელიც 10 აპრილამდე გასტანს.

დღეს მოდის მოყვარულებს “ლალოს”, “დალოოდისა” და სალომე ღვინიაშვილის პირველი სრული კოლექციის  ხილვის საშუალება ექნებათ.

ნინო როსტიაშვილი

ფოტოგრაფი: ელენე გოგელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები