LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საქალაქო სასამართლო ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

73

თბილისის საქალაქო სასამართლო ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულ რ. ა.-ს მიმართ,  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის  შეფარდების თაობაზე.

აქვე აღნიშნულია, რომ საქმეზე  წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2017 წლის 13 სექტემბერს 12 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

„საქმე ეხება 2017 წლის 16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, მის ნათესავს  19 წლის ა. ხ.-ს ყელისა და კისრის არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ა. ხ. ადგილზე გარდაიცვალა.

სასამართლომ მხარეთა განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი მასალების,  შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენაში, არსებობდა ბრალდებულის მიმალვისა და გამოძიებისათვის ხელშეშლის საფრთხეები, ასევე სასამართლომ გაითვალისწინა ქმედების სპეციფიკა, გარემოებები, დამდგარი მძიმე შედეგი და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.“,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები