LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა

152

ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ – კულტურულ ცენტრში, თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.

საღამოზე, რომელიც მსმენელის თხოვნით, მეორედ გაიმართა, შესრულდა ჯანსუღ და ვახტანგ კახიძის პოპულარული სიმღერები. კონცერტში მონაწილეობდნენ ვახტანგ კახიძე (ვოკალი, დირიჟორი, კლავიშებიანი ინსტრუმენტები), ანსამბლი „რუსთავი“,მაკა ზამბახიძე, ნეკა სებისკვერაძე, ნატო კახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ცნობილ ხმის რეჟისორს, მიხეილ კილოსანიძეს, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.

მიხეილ კილოსანიძე მრავალი წელია აქტიურად მუშაობს ხმის რეჟისორად მუსიკის სხვადასხვა სფეროში. შესრულებული აქვს ჩანაწერები მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი შემსრულებელებთან, როგორებიც არიან: მსტისლავ როსტროპოვიჩი, ელისო ვირსალაძე, გენადი როჟდესტვენსკი, ალექსანდრე კორსანტია, ლიანა ისაკაძე, ნატალია გუტმანი, გიდონ კრემერი, იური ბაშმეტი, მარინა იაშვილი, თენგიზ ამირეჯიბი, ეთერ ნაჯაფარიძე, ნოდარ გაბუნია, მანანა დოიჯაშვილი,ხატია ბუნიათიშვილი, ელისო ბოლქვაძე, მაყვალა ქასრაშვილი, ზურაბ სოტკილავა, ბადრი მაისურაძე და სხვ.
მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა და დღემდე თანამშრომლობს ისეთ პროფესიულ მუსიკალურ კოლექტივებთან, როგორებიცაა: სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ოდისეი დიმიტრიადის, დიდიმ მირცხულავას და ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით, თბილისის სიმფონიური ორკესტრი ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების ხელმძღვანელობით, სახელმწიფო კამერული ორკესტრი ედუარდ სანაძის და ლიანა ისაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, გორის ქალთა გუნდი, ს. ცინცაძის სახელობის საქართველო სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, ბოროდინის სახელობის სიმებიანი კვარტეტი.
მიხეილ კილოსანიძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის მე-20 საუკუნის ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაციაში. ჩაწერილი აქვს თანამედროვე ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორების: ანდრია ბალანჩივაძის, ოთარ თაქთაქიშვილის, სულხან ცინცაძის, გია ყანჩელის, რევაზ გაბიჩვაძის, ნოდარ გაბუნიას, ვახტანგ კახიძის, ფელიქს ღლონტის, დავით თორაძის, ბიძინა კვერნაძის, იოსებ ბარდანაშვილის, ვაჟა აზარაშვილის და სხვათა ნაწარმოებები.
მის მიერაა ჩაწერილი ასევე, თითქმის მთელი ქართული ხალხური მუსიკალური რეპერტუარი სხვადასხვა ანსამბლის შესრულებით: ანსამბლი „რუსთავი“,საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით, „ბასიანი“, „ანჩისხატი“, „ოდილა“ , „წინანდალი“, „მზეთამზე“, „მართვე“, „ბიჭები“, „არქაიკა’და სხვა.
აღსანიშნავია, მის მიერ ხმის ჩამწერი სტუდია „SONY CLASSIC“-სათვის ანსამბლ „რუსთავთან“ ჩაწერილი 300 ქართული ხალხური სიმღერა, ანსამბლის საიუბილეო დისკები, და ანზორ ერქომაშვილთან ერთად გამოჩენილი ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებლების ხმების ჩანაწერების აღგენა.
წლების განმავლობაში მიხეილ კილოსანიძე აქტიურად მუშაობდა ხმის რეჟისორად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“-ც მხატვრულ, დოკუმენტურ და მულტიპლიკაციური ფილმებზე ( „იავნანამ რა ქმნა, „სვანეთის მარილი“, „არსენას ლექსი“, „უკვდავების თეთრის ვარდი“და ბევრი სხვა), პარალელურად, მუშაობდა საქართველოს რადიოში, სადაც აწარმოებდა ჩანაწერებს რადიოს ოქროს ფონდისათვის. აღსანიშნავია, მის მიერ ჩაწერილი მუსიკა ქართულ დრამატულ თეატრებში ( შ. რუსთაველის თეატრის სპექტაკლი „ხანუმა“).
მიხეილ კილოსანიძეს ეკუთვნის თითქმის ყველა ქართველი საესტრადო შემსრულებლის ჩანაწერი. მათ შორის არიან: ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ბუბა კიკაბიძე, ჯანსუღ კახიძე, ვახტანგ კახიძე, გოგი დოლიძე, გიული ჩოხელი, ეთერ ჭელიძე, ლილი გეგელია, თამრიკო ჭოხონელიძე; ანსამბლები: „ორერა“, „რერო“, „დიელო“, „ვია – 75“, „ივერია“, „ცისფერი ტრიო“, „თბილის“, „ქართული ხმები“, თბილისის ბიგ ბენდი გივი გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით.
მიხეილ კილოსანიძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული მუსიკის ყველა სფეროს მონაპოვარის შენახვის, სათანადოდ წარმოჩენის და შემდეგომი განვითარების საქმეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები