LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, 1709 სამალავიდან ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს

79

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტი აღკვეთეს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით ასაღებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის ზღვის მიმდებარე პარკში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნარკოტიკულ საშუალებას სამალავებში ათავსებდა. ს.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 18 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“.

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან 119 შეკვრა „ჰაშიში“, ხოლო დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას – 61 შეკვრად დაფასოებული იგივე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ამოღებულ ნარკოტიკებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქე მიმდინარე წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში, არაერთხელ, საქართველოში 5-5 დღით, ვითომდა ტურისტული ვიზიტით ჩამოდიოდა. ს.ზ. ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე ტოვებდა, სურათებს უღებდა და შესაბამისი ნუმერაციით აღრიცხავდა. იგი სამალავების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას შემკვეთებს აწვდიდა.

გამოძიების ფარგლებში, დაკავებულის კუთვნილი მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა მის მიერ თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ სამალავებში რეალიზაციის მიზნით ჩადებული ნარკოტიკული საშუალებების ფოტოები და სხვა სახის ელექტრონული მტკიცებულებები.

საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ს.ზ.-ს ჩვენების საფუძველზე, სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულმა საქართველოში ვიზიტების პერიოდში ნარკოტიკული საშუალება 1709 ადგილზე მოათავსა, მათ შორის, თბილისის ზღვის პარკში – 119 ადგილას, ვაკის პარკსა და თბილისის სხვადასხვა უბანში.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს,”- აღნიშნავს მამუკა ჭელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები