LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალი პარკები გაჩნდება – გენ.გეგმის მწვანე ნაწილი

ტყეში გაშენებულ ქალაქს დღეს, სიმწვანე შესამჩნევად აკლია და ეს მხოლოდ მკაცრი ზამთრის შედეგი არ არის.

თბილისში ამჟამად, 1 სულ მოსახლეზე მხოლოდ 3 კვ.მ საერთო სარგებლობის გამწვანებული ტერიტორია მოდის, რაც ძალიან ცოტაა. ნორმა 15–20 კვ.მ–ია.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით (რომელიც დამუშავების პროცესშია) გათვალისწინებულია, რომ გამწვანებული ტერიტორიის ნაწილი ნორმას მიუახლოვდეს და 12–13 კვ.მ–ზე ავიდეს ერთ სულ მოსახლეზე.

როგორც „ფორტუნას“ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, სპეციალისტებს, თბილისის მწვანე ქალაქად გადაკეთების რამდენიმე გეგმა აქვს.

ელიავას ბაზრობა, დიდუბე, თემქა – ეს ის არასრული ჩამონათვალია, სადაც შესაძლოა მომავალში მწვანე ნარგავები ვიხილოთ.

 

ბიზნესცენტრების გადატანა დიდუბეში

„ჩვენი ძირითადი მიმართულება კომპაქტური ქალაქია. ეს ნიშნავს, რომ ქალაქი თავისი განაშენიანების ფარგლებს გარეთ არ უნდა გავიდეს“, – ასეთია გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის კონცეფცია.

გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორის, მამუკა სალუქვაძის თქმით,  ქალაქის კომპაქტურობას ხელს პოლიცენტრულობა უწყობს, რაც თბილისში დარღვეულია, რადგან ქალაქს მხოლოდ ერთი ცენტრი აქვს და ნებისმიერი სახის სერვისისთვის მოქალაქეები იქ მიდიან.

„დღეს ერთი ცენტრი გვაქვს ქალაქის და ყველა სერვისისთვის იქ მივდივართ – პარკში დასვენებისთვისაც კი ქალაქის ცენტრში მივემართებით.

ქალაქის ცენტრის გამოთავისუფლებისთვის აუცილებელია, დიდ საცხოვრებელ რაიონებში ცენტრების გაკეთება, სადაც იქნება ის სერვისები შეთავაზებული, რომელიც დღეს ჭირს და არ არის“, – განაცხადა სალუქვაძემ.

მისი თქმით, ამ პრობლემის მოგვარება, სხვადასხვა უბანში სხვადასხვა ცენტრის შექმნით შეიძლება. ერთ–ერთ ვერსიად კი ბიზნესცენტრების დიდუბეში გადატანა განიხილება.

გარდა ამისა, ქალაქში აუცილებლად უნდა გაიზარდოს დასასვენებელი პარკების რაოდენობა.

„შესაძლებელია ბიზნესცენტრების დიდუბეში გადატანა. აუცილებლად უნდა გაიზარდოს რეკრეაციული ცენტრები იმისთვის, რომ ადამიანს გართობა–დასვენებისთვის ალექსანდროის ბაღში ან ვაკის პარკში არ მოუწიოს წასვლა.

ეს ევროპული გამოცდილებაა, ჩვენი ქალაქისთვის აბსოლუტურად მისაღები“, – განაცხადა სალუქვაძემ.

 

ელიავას ბაზრობა

ტერიტორიაზე სადაც ახლა ყველაზე მეტი ავტომობილია, შესაძლოა, დასასვენებელი, მწვანე პარკი გაშენდეს.

როგორც „ფორტუნას“ მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, მოლაპარაკება ბაზრობის მესაკუთრებთან უკვე მიმდინარეობს.

ელიავას ბაზრობის ალტერნატიულ ვარიანტად, ქალაქის პერიფერიები განიხილება.

„ჩვენ გვაქვს წინადადება შემუშავებული ელიავას ბაზრობიას ადგილას, რეკრეაციული ზონის მოწყობასთან დაკავშირებით, თუმცა წინადადება განხილვის სტადიაშია.

ეს საკმაოდ რთული საკითხია. ჩვენ ამ ბაზრობის მესაკუთრეებს ალტერნატიულ ტერიტორიებსაც ვთავაზობთ, სადაც შეიძლება გადავიდნენ.

არც ერთი ადამიანი უმუშევარი არ უნდა დარჩეს, ვინც ამ ბაზრობაზე მუშაობდა საქმიანობა უკეთეს პირობებში უნდა გააგრძელონ. ეს ჩვენი წინადადებაა და სავარაუდოდ, მერიაც ამ ჭრილში განიხილავს“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი პრობლემაა, მათ შორის სატრანსპორტო და ეკოლოგიური. სალუქვაძემ აღნიშნა, რომ ეს პრობლემები, იქ დასაქმებულ ადამიანებს განსაკუთრებით აწუხებთ.

 

 

ყოფილი იპოდრომი

სალუქვაძის თქმით, ჯგუფი რეკრეაციულ ზონად განიხილავს ყოფილ იპოდრომის ტერიტორიას.

გენ.გეგმის ჯგუფი, მერიას შესთავაზებს, რომ ამ ზონას რეკრეაციული სტატუსი მიენიჭოს.

„უნდა ვეცადოთ, რომ შენარჩუნდეს მისი ფუნქცია. ტრადიციაც კი აქვს საზოგადოების ნაწილს იქ მისვლის, დასვენების, ვარჯიშის და ა.შ. სარაგბო თამაშებიც ეწყობა ხოლმე.

კერძო საკუთრებაშია და მის მფლობელზეა დამოკიდებული, მაგრამ ძალიან კარგი და ქალაქისთვის უდიდესი საჩუქარი იქნება, თუ ეს ტერიტორია რეკრეაციული ფუნქციით შენარჩუნდება, ან მეპატრონე მას ქალაქს გადასცემს“, – განაცხადა სალუქვაძემ.

 

დიღმის ტყე–პარკი

ჯერჯერობით, უცნობია დიღმის ტყე–პარკის ბედიც. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში, მისთვის რეკრეაციული ფუნქციის დაბრუნების რეკომენდაცია აუცილებლად გაიცემა.

თუმცა, აქაც საკუთრების პრობლემაა – ამ პარკში უამრავ კერძო პირს, საკუთარი ნაკვეთები აქვს. ამ პრობლემის მოგვარების გზაზე კი ჯგუფი ჯერ არ შეჯერებულა.

„სანთლით ვეძებთ ისეთ ტერიტორიებს, სადაც გამწვანებისთვის გამოვყოფთ ადგილს ან სარეკრეაციო ზონას. ასეთია მაგალითად დიღმის ტყე–პარკი. მას აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს რეკრეაციული ფუნქცია. თუმცა, სად შეიძლება განვათავსოთ ის ადამიანები, რომელთაც იქ ნაკვეთები აქვთ, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის“, – განაცხადა სალუქვაძემ.

 

თემქაზე ახალი პარკი უნდა გაშენდეს

თემქაზე შესაძლოა ახალი პარკი გაშენდეს. ამის შესახებ „ფორტუნას“ მამუკა სალუქვაძემ განუცხადა.

აღნიშნული წინადადება მერიამაც მოიწონა, თუმცა საბოლოო პროდუქტი მიღებული არ არის და გადაწყვეტილებაზე „ბეჭედი არ დაუსვამთ“.

პარკის გაშენება ორ საცხოვრებელ მიკრორაიონს შორის არსებულ აუთვისებელ ხევში იგეგმება.

სითი ინსტიტუტმა მერიას შესთავაზა, რომ ამ ადგილზე პარკი გაშენდეს.

„თბილისში ათეულობით წლებია დიდი მასშტაბის პარკი არ გაშენებულა. ეს ვარიანტი მერიამ მოიწონა და ვნახოთ, როგორც მოახერხებენ ამის გაკეთებას. დაფინანსებას მოიპოვებენ თუ ბიუჯეტიდან დააფინანსებენ პარკის მშენებლობას, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, ეს საინტერესო უნდა იყოს ბიზნესმენებისთვისაც და ამის ნათელი მაგალითი მთაწმინდის პარკია.

„ჩვენთან რატომღაც თვლიან, რომ საპარკო ზონა არ შეიძლება მომგებიანი იყოს, მაგრამ მთაწმინდის პარკი კარგი მაგალითია იმისა, რომ რეკრეაციული ზონა ბიზნესის კუთხითაც მომგებიანია“, – განაცხადა სალუქვაძემ.

ზღვასთან ახლოს არსებული 10 ჰექტარამდე ტერიტორია მუნიციპალური საკუთრება აღმოჩნდა, რაც თბილისისთვის იშვიათი მოვლენაა.

 „კარგია, რომ ეს ტერიტორია შენობებისგან გადარჩენილია. პროექტი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა არა შეუძლებელთან“, – აღნიშნა მან.

 

გეგმა: თბილისის გამწვანება

2017 წელი. რუსთაველზე საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის გამწვანებისთვის წელს სულ 7 მილიონი ლარი დაიხარჯება. საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოები უკვე დაწყებულია. დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, საერთო ჯამში, 180 ათასი ხე დაირგვება. ამასთან, გარკვეულ ტერიტორიებზე, პარალელურად საირიგაციო სისტემებიც მოეწყობა, დარგული ხეების გახარება და გაზრდა ცალკე პრობლემად რომ არ იქცეს. მერიის გეგმებშია, რომ თბილისში 5 წლის შემდეგ ახალგაზრდა ტყეები გაჩნდეს.

ქალაქისთვის სიმწვანის დაბრუნებისთვის უკვე უამრავი მილიონია გამოყოფილი და თუ გენ.გეგმის ინიციატივების ნაწილი მაინც შესრულდება. დედაქალაქში სუნთქვა უფრო გაადვილდება.

 

თამთა უთურგაშვილი