LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დღეს საშობაო ალილო გაიმართება

103

დღეს თბილისში ალილო გაიმართება. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსვლელობა 7 იანვარს, 14:00 საათზე, ტრადიციულად ვარდების მოედნიდან დაიწყება.

ალილო დეკორაციების გამოყენებით, კოსტიუმირებული და სანახაობრივი იქნება, რომელიც მიმსგავსებული იქნება მაცხოვრის შობის ღამესთან. კერძოდ, იქნებიან მოგვები, ქურუმები და მწყემსები. შემოწირული ტკბილეული კი ხარ–კამეჩიან ურმებზე შეგროვდება.

მსვლელობაში სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მგალობლები მიიღებენ მონაწილეობას, შესრულდება საშობაო საგალობლები.

მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

ალილოს მონაწილეებს თბილისის მერი კახა კალაძე საჩუქრებს გადასცემს.

ალილოს მონაწილეები ჯერ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეჩერდებიან, სადაც მათ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტარები ტკბილეულით დახვდებიან და შობის დღესასწაულს მიულოცავენ. შემდეგ მსვლელობა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთანაც შეჩერდება, სადაც მონაწილეებს სასახლის აღსაზრდელები შეხვდებიან.

თავისუფლების მოედანზე კი მსვლელობის მონაწილეები საკრებულოს შენობასთან გაჩერდებიან, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და დეპუტატები ტკბილეულს გადასცემენ. მონაწილეთა ერთი ჯგუფი “კონკადან” საპატრიარქოში შევა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემს. შემდეგ იგივე მონაწილეთა ჯგუფი პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებს, სადაც მათ ტბილეულს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადასცემს და მსვლელობაში მონაწილეებს შობას მიულოცავს.

ალილოს მონაწილეებს ტკბილეულსა და საჩუქრებს გზადაგზა მოსახლეობაც გადასცემს.

მთელი დღის განმავლობაში შეგროვებული შემოწირულობები სამების ტაძარში მოიყრის თავს.

9 იანვარს კი ალილოზე შემოწირული ტკბილეული ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ასევე სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში და ე.წ. მატროსოვის ციხეში გადანაწილდება.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია აღდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები