LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში გიურზები გამოჩნდნენ: რა რეკომენდაციებს აძლევენ სპეციალისტები მოსახლეობას

269

თბილისის რამდენიმე უბანში გიურზები გამოჩნდა, – ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგმა, შოთა ზანდუკელმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს თბილისის ტერიტორიაზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 244 გველი დაიჭირა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, გასული თვეების განმავლობაში ყველაზე მეტი, 140 გველი მაისში დაიჭირეს და ზოგადად, ქვეწარმავლების რაოდენობა მაისსა და ივნისში იმატებს, ივლისიდან კი იკლებს.

ზანდუკელის ინფორმაციით, ქალაქის თითქმის ყველა უბანში თითქმის ერთიდაიგივე რაოდენობის გამოძახებები ფიქსირდება, თუმცა ქვეწარმავლების გამოჩენა ძირითადად, მაინც გარეუბნებში ხდება.

“განსხვავება იმ კუთხით არის, რომ ზოგან შხამიანი გველები გვხვდება, ზოგან არა. ზონები, სადაც შხამიანი გველი, გიურზა გვხვდება არის მაგალითად, ორთაჭალა, კრწანისი, ფონიჭალა, აფრიკა, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, რომელთა ბუნებრივ არეალში აღნიშნული ქვეწარმავლებია გავრცელებული. სწორედ ამიტომ, ამ ქვეწარმავლის გადმოსვლა დასახლებულ პუნქტებში ხდება ხოლმე. სხვა უბნებში შხამიანი გველები არ გვხვდება, მაგრამ ქვეწარმავლების პრობლემა ნამდვილად დგას და გამოძახებებიც ხშირია ამ კუთხით”,- ამბობს ზანდუკელი „Allnews.ge”-სთან

ზანდუკელის რეკომენდაციით, ქვეწარმავალთა მომრავლების თავიდან ასაცილებლად, დასახლებულ პუნქტებში სამშენებლო მასალების განთავსება არ უნდა მოხდეს, ბალახის საფარი მოკლედ უნდა იყოს შეკრეჭილი და არ უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რასაც ქვეწარმავალი თავს შეაფარებს.

ჰერპეტოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეწარმავლის შემჩნევის შემთხვევაში პირმა აუცილებლად უკან უნდა დაიხიოს და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაუკავშირდეს, ხოლო კბენის შემთხვევაში, დაწვეს და დარჩეს უძრავ მდგომარეობაში, მიიღოს დიდი რაოდენობით არალკოჰოლური სითხე, ალერგიული ფონის განვითარების შემთხვევაში კი, მიიღოს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები.

გასულ წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 438 გველი დაიჭირა.