თბილისში მაწვნის ნაყინი გაიყიდება

684

დედაქალაქში შემოსვლას ”მაწვნის სახლი ალავერდთან” გეგმავს, რომელიც თბილისში მაწვნის, მაწვნის ნაყინისა და დოლის პურის რეალიზაციას დაიწყებს.  როგორც ”ფორტუნას” მაწვნის სახლში განუცხადეს, ამ ეტაპზე იმ შენობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც აღნიშნული პროდუქცია გაიყიდება.

”ვაჟა-ფშაველას გამზირზე შენდება ალავერდის კულტურის ცენტრი, სადაც ალავერდის მონასტერში წარმოებული პროდუქცია გამოიფინება, მათ შორის ალავერდის მონასტრის მარანში ჩამოსხმული ”ბერების ღვინო 1011”. ღვინო ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენთან, მაწვნის სახლში იყიდება და მისი ღირებულება 80-100 ლარამდე მერყეობს”, – განმარტეს კომპანიაში.

მათივე ცნობით, ამჟამად  კულტურის ცენტრის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მისი გახსნის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ”მწავნის სახლი ალავერდთან” საკუთარი პროდუქციის თბილისში ჩამოტანის გეგმაზე უკვე მუშაობს.

”ჩვენთან პროდუქციის თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი არჩევანია. მოსულ სტუმარს ვთავაზობთ: ქართულ დედოზე დამზადებულ მაწონ  “მარიამს” (თაფლით და ნიგვზით, ცოცხალი ხილით, ჩირით) და თუშურ სამზარეულოს (ხავიწი, კოტორი, მილიჯანი გაწურული მაწვნით, თუშური ხინკალი, მაჭკატი, განსაკუთრებული გუდის ყველი). რა თქმა უნდა,  გვაქვს  საუცხოო მაწვნის ნაყინიც. ჩვენს თონეში კი  ვაცხობთ  ქართულ ხორბალზე დამზადებულ დოლის პურს, სვიის ბუნებრივ საფუარზე”, – განაცხადეს მაწვნის სახლში და დასძინეს, რომ სამომავლოდ სწორედ აღნიშნული პროდუქციის შემოტანა იგეგმება დედაქალაქშიც.

ცნობისთვის, ”მაწვნის სახლი”  2014 წლის სექტემბერში გაიხსნა. პროექტი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. სახლი მთელი წლის განმავლობაში მუშაობს და აქ 10 ადგილობრივი კადრია დასაქმებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები