LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი იმართება

64

დღეს თბილისში საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ორგანიზებით ტარდება და მას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ შენცი გახსნიან.

როგორც პალატის პრესსამსახურში განმარტავენ, ბიზნეს-ფორუმი მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კონტაქტების დამყარებას.

“ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ავსტრიის ბიზნეს-სექტორის 30-მდე წარმომადგენელი ჩამოვიდა. მათ ინტერესში ადგილობრივ ბიზნეს-სექტორთან კომუნიკაცია და საქმიანი კონტაქტების დამყარება შედის. ქართულ ბიზნეს-სექტორს საშუალება აქვს პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან სექტორების მიხედვით საქმიანი მოლაპარაკებები გამართოს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელოს. ავსტრიის ბიზნესდელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: ჰიდროელექტროენერგია, დეტექტორების, ონკანების და მსგავსი საზომი ხელსაწყოების წარმოება, სახანძრო სიგნალიზაცია და ტაქსომეტრები, სპორტული კომპლექსების მოწყობა და მართვა, მანქანათმშენებლობა, შესაფუთი მანქანა-დანადგარები, მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიები და სხვა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ბიზნეს-ფორუმზე დასასწრებად ქართული ბიზნეს-სექტორის 50-მდე წარმომადგენელი დარეგისტრირდა“, – განმარტავენ სავაჭრო პალატაში.

მათივე ცნობით, ფორუმის პირველ ნაწილში გაიმართება პრეზენტაციები ავსტრიული და ქართული კომპანიების შესახებ, შემდეგ კი ღონისძიება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრების რეჟიმში წარიმართება.

როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავსტრიის ფედერალურ ეკონომიკურ პალატასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს. ორი ქვეყნის ბიზნესსექტორების დაკავშირებისა და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, პალატები სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებს ახორციელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები