LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

207

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ 18 ივლისს, საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმი გაიმართება. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გენადი ჩიჟიკოვი გახსნიან.

მათივე ინფორმაციით, ბიზნეს-ფორუმის მიზანი საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარებაა.

ფორუმის პირველ ნაწილში დაგეგმილია პრეზენტაციები საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ტურისტული პოტენციალის, ქართულ-უკრაინული თანამშრომლობის პერსპექტივებისა და საპარტნიორო ფონდის პროექტების შესახებ. ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართული და უკრაინული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მოლაპარაკებები გამართონ სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

უკრაინის ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: მეწარმე სუბიექტების საქმიანობის ხელშემწყობი ორგანიზაციები, პარფიუმერიისა და კოსმეტიკური საშუალებების წარმოება, დიეტური კვება, ფარმაცევტიკა, შესაფუთი მასალები, მარცვლეულის გადამუშავება და ექსპორტი, სამშენებლო, სამხედრო ტექნიკის წარმოება, ელექტრო, სატვირთო, ამწეებისა და ფოლადის წარმოება, შავი და ფერადი ლითონის წარმოება და სხვ.

ფორუმში და ბიზნესის ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდის საშუალებით: www.gcci.ge