LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ველოტრანსპორტის განვითარებას ხელს ინფრასტრუქტურის არარსებობა უშლის

282

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ველოსიპედის, როგორც სატრანსპორტო საშუალების განვითარების შესახებ კვლევა ჩაატარა.

გამოკითხვამ, რომელიც 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოავლინა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, პრობლემას ამ მხრივ ინფრასტრუქტურის არარსებობა წარმოადგენს (53.3%).

როგორც „ფორტუნას“ ორგანიზაციის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა გელა კვაშილავამ განუცხადა, ინფრასტურქტურის მოწყობაში კერძო სექტორის ჩართვა აუცილებელი არ არის.

„არის ადგილები, სადაც ძალიან მარტივად მცირე ზონის გამოყოფით და საგზაო ნიშნების დაყენებით, შესაძლებელია ველობილიკების მოწყობა – მცირე ინვესტიციითაც მოხერხდება საპილოტე პეროექტის გაკეთება“, – განაცხადა კვაშილავამ „ფორტუნასთან“.

შემდეგ, ყველაზე დიდი პრობლემად გამოკითხვამ, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები გამოავლინა (17.5%).

„თბილისი არაა საველოსიპედო ქალაქი, მისი რთული და მთიანი რელიეფი არ იძლევა შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის საშუალებას, ამასთან ვიწრო გზები მასზე მორგებული არაა. ეს არის პასუხი შეკითხვაზე: რა უშლის ხელს თბილისში ველოსიპედის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას. აღნიშნული სტერეოტიპი გადამწყვეტ როლს თამაშობს ყველა დონეზე, შედეგად თბილისის ტრანსპორტის დაგეგმარების პროცესში უგულვებელყოფილია მობილობის ისეთი ფორმის მნიშვნელობა, როგორიც ველოტრანსპორტია. ჟენევა, პრაღა, ლისაბონი, სან-ფრანცისკო, ვანკუვერი, ბოგოტა – ეს იმ ქალაქების არასრული სიაა, სადაც რელიეფი თბილისზე არანაკლებ მთაგორიანია, თუმცა ველოსიპედით მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და პოპულარული ხდება“, – განაცხადა გელა კვაშილავამ.

კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა 48.9% ყოველდღიურად გადაადგილებისთვის 1–2 სთ–მდე ხარჯავს, ხოლო 1 საათზე ნაკლებს გზაში 27,4% ატარებს.

ორგანიზაცია ფიქრობს, რომ ეს 27,4 % სწორედ ის ხალხია, რომელიც მოკლე მანძილზე გადაადგილდებიან და შესაძლოა, სწორედ ველოსიპედის ყოველდღიური მომხმარებლები გახდნენ.

ამასთან აღსანიშნავია, რომ 49.1%–სთვის ის ტრანსპორტი, რომელიც ქალაქში მოძრაობს „ძალიან ცუდია“.

კვლევა ორგანიზაციამ პროექტ „ველო მარგია, ველო კარგიას“ ფარგლებში ჩაატარეს.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია დედაქალაქში ველობილიკების მოწყობაზე მერიასთან და თბილისის გენ.გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ერთად ზრუნავს.

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები