LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ზე-რაგბის ამომავალი ვარსკვლავი მოდის: ქურციკების შემადგენლობა ცნობილია

85

„ნორჩი ქურციკების“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩინ რუმ საქართველოში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის 28-კაციანი რაზმი დაასახელა.

განაცხადში ყველაზე მეტი – 11 მორაგბე საქართველოსთან დამეგობრებული „ვესთერნ პროვინსიდანაა“, 7 „ბლუ ბულზიდან“ და 5 „გოულდენ ლაიონზიდან“. გუნდს უკაპიტნებს ერნსტ ფან-რეინი, ვისაც ზურგს შარშანდელი, მანჩესტერის მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილება უმაგრებს. მის გარდა 2016 წელს ინგლისში ითამაშეს და მეოთხე ადგილი დაიკავეს ქერვინ ბოშმა, კვენზო ბლოსემ, კარლიუ სადიმ, ზეინ დევიდსმა, სტედმან ხანსმა, მენი ლიბოკმა და ემბროუზ პაპიემ.

რუს რჩეულთა შორის 6 ისეთი მორაგბეა, რომლებმაც საერთაშორისო გამოცდილება შარშან, 19-წლამდელთა ნაკრებში მიიღეს. ფულბექმა ქერვინ ბოშმა „შარქსის“ შემადგენლობაში ზე-რაგბი შარშანვე დააჭაშნიკა, წელს კი – პეთ ლემბის ტრავმის გამო – უკვე 8 თამაშში მიიღო მონაწილეობა, გუნდს 108 ქულა შესძინა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. შარშანდელ მსოფლიოზე მან 5 მატჩში 63 ქულა მოაგროვა.

ზე-რაგბის მიმდინარე სეზონში „სთორმერზში“ დებიუტი ჰქონდა დამიენ ვილემსეს, ვისაც 19 წელი 7 მაისს უსრულდება, ხოლო დევიდსმა და ხანსმა ბოლო 3 თვე სამხრეთი აფრიკის 7-კაცა ნაკრებში – “ბლიც ბოკეში” – გაატარეს.
„მოთამაშეთა ხარისხი და პოტენციალი მაიმედებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა წინაღობას დავძლევთ. კონკურენცია ძალიან მძაფრი იყო და რაზმის 28 კაცამდე შეკვეცა გაგვიჭირდა. მწამს, რომ ამ ბიჭებით საქართველოში ტოლს არავის დავუდებთ. მოთამაშეთა უმეტესობას საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს და ეს ძალიან გამოგვადგება.

ჯგუფში საფრანგეთს, საქართველოსა და არგენტინას ვეთამაშებით და ამიტომ პირველივე დღიდან საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ, რათა ძლიერი მოწინააღმდეგეები ვძლიოთ და თასის მოპოვებაზე გავაკეთოთ განაცხადი.

ბოლო ორი თვე ბევრი ვიმუშავეთ. ფიზიკურად და მორალურად სრულ მზადყოფნაში ვართ. ახლა მნიშვნელოვანია, მაღალი ინტენსივობა შევინარჩუნოთ. იმედია, ჩვენი გარჯა შედეგს მოიტანს“ – განაცხადა “ნორჩი ქურციკების” მთავარმა მწვრთნელმა ჩინ რუმ.
20 წ სამხრეთი აფრიკა საქართველოში ასეთი შემადგენლობით მოდის:

იარნო აუგუსტუსი, კვენზო ბლოსე, ქერვინ ბოში, დევიდ ბრიცი, ჟან-ლიუკ სილიე, ზეინ დევიდსი, ფრანსუა დე-ვილიერსი, სტედმან ხანსი, იოჰან ხრობლარი, ვიკუს ხრუნევალდი, დანიელ იუსტი, რევან კრიერი, მენი ლიბოკი, ჯანი ლომბარდი, ლენ მასეინი, ლი-მერვინ მაზიბუკო, სალმან მურატი, რაინჰარდ ნოტნახელი, ემბროუზ პაპიე, იო პენკე, კარლიუ სადი, ვანდისილე სიმელანე, ჰენდრე სტასენი, ხერჰარდ სტენკამპი, რუბენ ფან-ჰირდენი, დამიენ ვილემსე, ნამა კაბა, ერნსტ ფან-რეინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები