LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარი აშენდება

94

თბილისში ზემო და ქვემო ფონიჭალის ერთმანეთთან დასაკავშირებლად გზაგამტარი აშენდება.

პროექტი, რომელიც კრწანისის გამგეობის დაფინანსებით მომზადდა, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელ 5 კილომეტრიან გზას 500 მეტრამდე შეამცირებს. მოეწყობა საავტომობილო და საფეხმავლო გასასვლელები.

მშენებლობისთვის შერჩეულია ოპტიმალური ადგილმდებარეობა – გზაგამტარი უკვე არსებულ გზებს ერთმანეთთან დააკავშირებს, ხოლო ღოღობერიძის ქუჩის სანიაღვრე ქსელი ქვემო ფონიჭალაში მდებარე ცენტრალურ კოლექტორს მიუერთდება.

პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 2 მლნ-მდე ლარს შეადგენს.

დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ, ფონიჭალის ახალგაზრდულ ცენტრში ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარის მშენებლობის შესახებ პრეზენტაცია გამართა და ადგილობრივ მოსახლეობას, რაიონის გამგებელთან, გიორგი კოპალეიშვილთან ერთად, აღნიშნული პროექტის მნიშვნელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს შევპირდით ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც ახლა უკვე, პრაქტიკულად, რეალიზაციის პროცესშია. მომზადდა პროექტი და მისი ტექნიკური ნაწილი, შესაბამისად, მომდევნო წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული და ზემო და ქვემო ფონიჭალა ერთმანეთს დაუკავშირდება. პროექტი მოსახლეობას მისცემს საშუალებას, რომ უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით გადაადგილდნენ, მაშინ როცა, ადრე ექვსი ან შვიდი კილომეტრის გავლა უწევდათ,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.