LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეატრალურის კვარტეტი: „ოქროს ტალღა“ ერთგვარი შეჯიბრებაა კარგი საქმის კეთებაში…“

106

„თეატრალურის კვარტეტი“ „ოქროს ტალღის“ ნომინანტია სიმღერით „გაკოცებ, გაკოცებ“. ბიჭები ამ ამბავმა ძალიან გაამხიარულა, რადგან ეს სიმღერა გასახალისებლად ჩაწერეს და არ ეგონათ, თუკი მსმენელის მხრიდან ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა.

ლაშა კერვალიძე:

„ოქროს ტალღაზე“ ძალიან კარგი აზრის ვართ. ფაქტობრივად, ერთადერთი კონკურსია, სადაც ხალხის რჩეული სიმღერები მონაწილეობს. ზოგადად, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ სიმღერას. ეს კონკურსიც ამ მიზნით იმართება.

რაც შეეხება ჩვენს სიმღერას, „გაკოცებ, გაკოცებ“ – ერთ დღეს ბიჭებმა გადავწყვიტეთ, რომ გვეხუმრა და ხალასი, გემრიელი სიმღერა ჩაგვეწერა, საცეკვაო,  სიმღერისგან – „მარტი“ განსხვავებით, რომელიც რადიო „ფორტუნას“ რჩეული გახდა წინა წელს, სწორედ „ოქროს ტალღაზე“.

კობა ჭეფხოძე:

ეს სომხური სიმღერაა, მელოდია მოგვეწონა და შევცვალეთ ტექსტი, ნანა ცინცაძე დაგვეხმარა ამაში, როგორც ყოველთვის.

ხშირად გთხოვენ ამ სიმღერის შესრულებას კონცერტებზე?

ლაშა:

უფრო მეტად, კლუბურ საღამოებსა და კორპორატიულ ღონისძიებებზე. ყოველთვის დადებით განწყობას ქმნის…

მომღერლებს რას გმატებთ ამ ტიპის კონკურსის არსებობს საქართველოში?

 ოთო კოვზირიძე:

 ძალიან მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ამდაგვარი კონკურსები, ჩემი აზრით, მომღერლებს უფრო მეტის გაკეთების სტიმულს აძლევენ. მეტი ხალისი გაქვს, რომ ახალი შექმნა.

კობა:

რაღაცას რომ გააკეთებ, ვიღაც ხომ უნდა გამოგეხმაუროს? ეს ერთგვარი შეჯიბრებაა კარგი საქმის კეთებაში.

ირაკლი აბჟანდაძე:

აბა, რისთვის ვწერთ ამ სიმღერებს? ვიღაცამ ხომ უნდა მოისმინოს, დააფასოს და შეაფასოს? ამდენი ფულის დახარჯვა სიმღერის ჩაწერაში რაღაცით ხომ უნდა ფასდებოდეს? ვიღაცამ უნდა თქვას, კარგია თუ არ არის კარგი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომღერლებისთვის ასეთი კონკურსის არსებობა.

გამარჯვების იმედი თუ გაქვთ?

ოთო:

ჩვენ ყოველთვის გვაქვს გამარჯვების იმედი. მუდამ ვცდილობთ, რომ შევქმნათ ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც აუცილებლად მოგვიტანს გამარჯვებას.

რა სიახლეები გაქვთ?

ლაშა:

 გვაქვს აქტიური რეპეტიციები. ხუმრობით გვეუბნებიან, რით ვერ ისწავლეთ სიმღერაო, მაგრამ ყველა პროფესიონალი დაგვეთანხმება, რომ აქტიური მეცადინეობის გარეშე არაფერი გამოდის.

შემოდგომაზე კლიპის გადაღებას ვაპირებთ, ორი სიმღერა გვაქვს შერჩეული, გოგი ცაბაძის „თბილისო“, ახალი ვერსიით და ჯემალ სეფიაშვილის „დედა“. რომელიმე სიმღერაზე გადავიღებთ ვიდეორგოლს. ასე რომ, შემდეგი „ოქროს ტალღისთვის“ უკვე ვემზადებით (იღიმიან).

ფოტო: დათუნა აგასი

 გადაღების ადგილი: რესტორანი „წისქვილი“

იხილეთ ფოტოგალერეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები