LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის ღვინის მარნის დამფუძნებელი ბურგუნდიული ღვინის რაინდი გახდა

710

ღვინის მწარმოებელი კომპანია ”თელავის ღვინის მარანის” დამფუძნებელი და დირექტორი ზურაბ რამაზაშვილი ბურგუნდიული ღვინის რაინდად აირჩიეს. რამაზაშვილი, რომელიც ერთ-ერთ უმსხვილეს ღვინის მწარმოებელ კომპანიას მართავს, საკუთარ წევრად ღვინის დეგუსტაციის თასის ფრანგულმა “ძმათა საძმომ” მიიღო. ძმობა ცნობილია, როგორც “Confrérie des Chevaliers du Tastevin”

ახალი რაინდის არჩევის საზეიმო ცერემონია მიმდინარე წლის 13 მაისს, ”შატო დე კლო დე ვუგეოტის” უძველეს ციხე-სიმაგრეში, საფრანგეთის ცნობილ ღვინის მწარმოებელ პროვინცია ბურგუნდიაში გაიმართა.

”უდიდესი პატივია ისეთი ღვინის საძმოს წევრობა, რომელიც უკვე ერთ საუკუნეზე მეტია არსებობს. ტრადიციების პატივისცემა და ღვინის სიყვარული აღნიშნული საძმოს რაინდებს მთელი მსოფლიოს გარშემო აერთიანებს. ბურგინდიის ღვინის რაინდების საძმო არ არის მხოლოდ ადგილობრივი, საფრანგეთის ერთი პროვინციის ძმების ერთობა, ის უფრო მეტია… დღეისათვის კლუბი მსოფლიოს მასშტაბით ფართოვდება, მაგალითისთვის, მხოლოდ აშშ-ში 40 ფილიალითაა წარმოდგენილი. ვფიქრობ, კარგი იდეაა, ანალოგიური საძმოს დაფუძნება საქართველოშიც, რომელიც გააერთიანებს ქართული ღვინის მოყვარულებსა და მთელს მსოფლიოში მოღვაწე ქართველ მეღვინეებს”, – აღნიშნა ზურაბ რამაზაშვილმა.

ცნობისთვის, “Confrérie des Chevaliers du Tastevin” არის კერძო კლუბი, წევრების შეზღუდული რაოდენობით. კლუბის დებულების თანახმად, ძმობა ახალი რაინდის არჩევისას აფასებს მის დამსახურებასა და ნიჭს, გამბედაობას, სამეცნიერო ინტელექტს, ასევე საფრანგეთისადმი სიყვარულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები