LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტელევიზიები გადასახადს საკუთარ პროდუქციაში ითხოვენ”– ინტერვიუ სკანდალის მთავარ გმირთან

119

გახდება თუ არა ქართული არხები ფასიანი? ამ თემასთან დაკავშირებით, დისკურსია არ წყდება.

საკაბელო ტელევიზიები ამბობენ, რომ ისინი ქართულ არხებს კონტენტში ფულს არ გადაუხდიან, რადგან ეს მათი მომსახურების პაკეტებს გააძვირებს. ხოლო, კომპანია GMR რომელის ქართული არხების ინტერესებს წაროადგენს, ამბობს, რომ ტელევიზიები გადასახადს საკუთარ პროდუქციაში სამართლიანად ითხოვენ და ამაზე საკაბელო ტელევიზიებთან მოლაპარაკება აუცილებელია.

ქართული არხებისა და საკაბელო ტელევიზიებს შორის კომუნიკაცია მხოლოდ მედიის საშუალებით ხორციელდება. დღის მთავარ გმირებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ. მოთხოვნებისა და ულტიმატუმების გადაწყვეტის სხვა გზა კი არ არსებობს.

რეალურად რას ითხოვს ახლადშექმნილი კომპანია GMR, რომელიც ექვს ტელევიზიას წარმოადგენს და გახდება თუ არა ქართული არხები ფასიანი, ამასთან დაკავშირებით „ფორტუნა“ GMR–ის ერთ–ერთ დირექტორს ზურაბ ნაყეურს დაუკავშირდა.

  • ბატონო ზურაბ, ამ დრომდე თქვენსა და საკაბელო ტელევიზიებს შორის კავშირი ისევ არ შემდგარა?

საქმიანი ურთიერთობა ვერ დავამყარეთ. ჩვენ ვართ შუამავალი კომპანია. მათ მიეცათ ერთი თვის ვადა ამ ყველაფრის მოსაგვარებლად და მათთვის მიცემულ წერილში ნათქვამია, რომ 1 ივნისიდან შეუწყდებათ ტრანსლირების უფლება ტელევიზიების მოთხოვნით.

  • ანუ ეს არის ტელევიზიების მოთხოვნა?

დიახ, ეს საკითხი დააყენა ექვსმა ტელევიზიამ. მათმა მფლობელებმა და დამფუძნებლებმა, მე მხოლოდ მათ თხოვნას ვასრულებ. შეიქმნა ეს კომპანია და მოგვცეს დავალება რასაც ვასრულებთ.

  • რა დავალებაა? რისთვის შეიქმნა კომპანია?

ადგილობრივ მწარმოებლებს სურთ, რომ თავიანთი კონტენტის მონეტარიზაცია მოახდინონ და ჩაგვაყენონ უცხოელ მწარმოებლებთან თანაბარ პირობებში. ყველა სხვა არხს უხდიან და ჩვენ რატომ არ გვიხდიან? ეს პრაქტიკა ფართოდ დამკვიდრებულია. რამე გასაოცარი თუ იყო არ მეგონა. გვინდოდა, რომ მათთან ერთად გადაგვეწყვიტა ყველაფერი: როდის, როგორ და რა ტარიფები დაწესდებოდა.

  • ტარიფებზეც ერთად უნდა შეთანხმებულიყავით?

რა თქმა უნდა, ერთად უნდა შევთანხმდეთ. თუ არ მოხდა შეთანხმება რა აზრი აქვს ჩემ მიერ წაყენებულ მოთხოვნებს.  ჩავთვალეთ, რომ ამ ყველაფრისთვის ერთი თვე საკმარისი იქნებოდა. თუ არ არის საკმარისი, გავაგრძელებთ ვადას…

ამ განცხადებაში არასწორი ინტერპრეტირებაა მოცემული. იქ მოყვანილი მუხლები სულ სხვა თემატიკას და სხვა შინაარსს ეხება. მათ სერვისზეა საუბარი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევასთან კავშირში არ არის.

  • რა პასუხს გასცემთ მათ?

ამ განცხადების საპასუხოდ ჩვენი იურისტები მოამზადებენ პასუხს რამდენიმე დღის ვადაში. როდესაც განცხადება მოდის წერილობით, ჩვენ ვალდებული ვართ რომ ასევე ვუპასუხოთ. იურისტები სათანადო პასუხს 2–3 დღეში მოამზადებენ.

  • თქვენი საბოლოო პოზიცია როგორია?

ჩვენ ვართ პარტნიორები და არა მტრები. უნდა ვიმუშავოთ ურთიერთშეთანხმებით. ამ პოზიციაზე ვრჩებით იმის მიუხედავად, რომ სილქნეტმა ჩვენთვის გაუგებარი და ცოტა არ იყოს უტაქტო შეტყობინება გაავრცელა თავიანთ აბონენტებთან.

  • თუმცა საბოლოო ჯამში, საკაბელო ტელევიზიებს იმ კონტენტის მიღებისთვის გადახდა მოუწევთ, რომელსაც ეს ექვსი ტელევიზია ქმნის?

დიახ, იმიტომ რომ ტელევიზიები თვლიან, რომ კონტენტს ქმნიან თვითონ და სრული უფლება–მოსილება გააჩნიათ, რომ ამ კონტენტის რეალიზაციაში და კომერციულ უფლებებში სრულფასოვნად ჩაერთონ.

  • არის თუ არა აუცილებელი ეს აისახოს საკაბელო ტელევიზიების აბონენტებზე?

არ არის. ეს არის ჩვენი პოზიცია.

ნახეთ ამავე თემაზე: ქართული არხები ფასიანი ხდება?! – მიზეზები და მხარეების პოზიციები

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები