LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტენორი ოთარ ჯორჯიკია, ოპერის მომღერლებთან ერთად, ქალაქის გამწვანებისთვის იბრძოლებს

746

ქართველი ტენორი ოთარ ჯორჯიკია კარიერულ საფეხურზე წინ და წინ მიიწევს. ახლახან მარინის ლეგენდარულ თეატრში პლასიდო დომინგოსთან ერთად იმღერა, კიდევ ერთი საინტერესო თანამშრომლობა მას ცნობილ ბან ფერუჩო ფურნალეტოსთან აკავშირებს, ეს ნამღერი დისკზე ჩაიწერეს, რომელიც მელომანებისთვის მალე იქნება ხელმისაწვდომი. ყველას გვახსოვს ოთარ ჯორჯიკიას გამოსვლები თბილისში, კრის ბოტისა და სტინგთან ერთად, სადაც დარბაზმა მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

ოთარი რადიო „ფორტუნას“ ესტუმრა და ჩვენს საიტს ძალიან საინტერესო ინიციატივაზე ესაუბრა, რომელიც თავად წამოსწია წინ და მისი მეგობრები, ანიტა რაჭველიშვილი, ნინო სურგულაძე, ნინო მაჩაიძე, გია ონიანი და ოპერის სხვა ცნობილი მომღერლები დაუდგნენ გვერდით.

ოთარ ჯორჯიკია:

მე და ჩემი მეგობრები გამოვედით ინიციატივით, რომლიც ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ჰაერის დაბინძურება არის კატასტროფა. არ მჭირდება არანაირი კვლევა, მეც და ყველა აქ მცხოვრები ადამიანი გრძნობს, რა საშინელებას ვსუნთქავთ. ეს დიდწილად მანქანების მდგომარეობას უკავშირდება. მესმის იმ ხალხის, ვინც გამოვა და იტყვის, რა ვქნათო, მესმის გაჭირვებაც და შრომის ყადრიც, კიდევ ამბობენ, რაღა ამით უნდა დაიწყონ, ათასი სხვა პრობლემააო… საიდანღაც ხომ უნდა დაიწყოს პრობლემების მოგვარება?!. ამას ბელადები და ლიდერები არ სჭირდება, უბრალოდ, სამოქალაქო აქტივობა. უნდა გამოვიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი აზრი ამ თემაზე. ჩვენ ამას ვაპირებთ, ახლა ვყალიბდებით. ჩვენი დიდი სურვილია, რომ როგორც მსოფლიოს დიდ ქალაქებში არის ცენტრალური პარკები, ასეთივე იყოს თბილისში და ვფიქრობთ, რომ მისი მოწყობა თავისუფლად შეიძლება იპოდრომის ტერიტორიაზე.

IMG_1658ამასთან, გვსურს, მაქსიმალურად დროულად აიკრძალოს სიგარეტის მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე. ეს არის კულტურის ნაწილი, რაც, როგორც ჩანს, ძნელი მისარწევია ჩვენს საზოგადოებაში. თბილისში ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც არ ეწევიან.

მარტო შინ ჯდომით და „ფეისბუქზე“ სტატუსის დაწერით სერიოზული საკითხები ვერ მოგვარდება. ერთად დგომით, აზრის გამოხატვით შესაძლებელია ბევრი რამის შეცვლა. დავანახოთ ყველას, რომ ჩვენ გვინდა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება. ყველა ამბობს, რომ ჰაერის დაბინძურების გამო იმატა მოზარდებში ავადობამ. ამისი შეცვლა აუცილებელია. ნაბიჯი ხომ უნდა გადავდგათ. მოვითხოვოთ ის, რისი უფლებაც გვაქვს.

უნდა შემოიღონ ტექდათვალიერება, მაქსიმალურად დროულად, ქალაქში გაიზარდოს სიმწვანე, რეალურად დაირგოს ბევრი ხე, თბილისისნაირ პატარა ქალაქში მნიშვნელოვანია ველოსიპედი, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია, ვარჯიშსაც უკავშირდება, ეს მოძრაობასაც განტვირთავდა. მე მყავს მანქანა, ვცდილობ, გამართული იყოს. ფრთიანი ანგელოზი არ ვარ, მაგრამ დედას გეფიცებით, ჩემს სახლს როგორც ვუვლი, ისეთი დამოკიდებულება მაქვს საქართველოს მიმართ. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი სახლია. ეს განცდა თუ გვექნება, არ დავანაგვიანებთ… ხშირად დავდივარ მეტროთი, სხვა ტრანსპორტით, რომ მანქანით არ გამოვიდე გარეთ.

ოთარ, ბოლო დროს ძალიან ბევრი შემოთავაზება გაქვთ. მიიჩნევთ, რომ იღბლიანი ადამიანი ხართ?

იღბალი მნიშვნელოვანია, მაგრამ საჭირო ადგილას საჭირო დროს მოხვედრა მაინც დიდ შრომას უკავშირდება. მე ასე მგონია. თუ არ იწვალებ, ჰაერზე ვერსად ვერ მოხვდები. ერთხელ შეიძლება, მაგრამ ეს გამონაკლისი იქნება.

კრის ბოტისა და სტინგთან ერთად სცენაზე რომ იდექით, დარბაზი დაინგრა აპლოდისმენტებით. ეს ამბავი ახლა როგორ გახსენდებათ?

ბევრ რამეზე მიჩუყდება გული. ბევრჯერ წამომსვლია ცრემლი, როცა ჩემს ქვეყანაში არ ვარ და ეს დიდი ხნით გრძელდება… (იღიმის). რომც ვერ ვყოფილიყავი იმ დღეს კარგად, ჯანმრთელობას ვგულისხმობ, ამას ვერ ვიგრძნობდი. მხოლოს ის მახსოვს, როგორი ფანტასტიკური ემოცია მოდიოდა დარბაზიდან, სიკეთე და სიყვარული, საინტერესო მუსიკოსებთან ერთად სცენაზე დგომის ბედნიერება…

IMG_1657როგორ ფიქრობთ, ქართველი საოპერო შემსრულებლების დიდ წარმატებას საზღვარგარეთ რა განაპირობებს?

დამიჯერეთ, არანორმალური შრომა… ეს ხალხი ბევრს შრომობს და არ აგდებენ თამასას, რომელიც დაიკავეს. თითოეული ადამიანი ჩემთვის მაგალითია. ფანტასტიკური შედეგი აქვთ.

თქვენც დიდი შრომა გაქვთ საქმეში ჩადებული. რაზე გითქვამთ ამისთვის უარი?

მართლაც ასეა… ბევრ რამეზე მითქვამს უარი. თუნდაც მეგობრებთან გართობაზე. ძალიან ხშირად მითქვამს მათთვის უარი. სასმელზე, თავისთავად. როცა მღერი, ცდილობ, სასმელი ზედმეტი არ მოგივიდეს. სასმლის მირთმევას შესაბამისი კამპანია სჭირდება, მე კი ვცდილობ, ჩემს საქმეს არ ვავნო. ერთხელ არ დაგიშავებს, მეორედ დაგიშავებს… სხვებივით ვერ გახვალ სასერინოდ, როცა ქარია, ან წვიმს. მოგიწევს უარის თქმა გარკვეულ საკვებზეც. ვერ გეტყვით, რომ კვების მხრივ განსაკუთრებულ რეჟიმს ვიცავ. ვვარჯიშობ თითქმის ყოველთვის. ვერ გეტყვით, რომ ათლეტი ვარ, მაგრამ ფორმას ვინარჩუნებ. მითები იმის შესახებ, რომ ოპერის მომღერალი მაინცდამაინც რძეს უნდა სვამდეს, გადაჭარბებულია. ვარჯიში კი ყველასთვის კარგია, ველოსიპედი და სიმწვანეც, ისევ იმ თემას დავუბრუნდი (იღიმის).

ოთარ, დაქორწინებული ხართ…

ჩემი მეუღლე, მარიამ ნაჭყებია, მომღერალი. ჩვენი შვილი, ბარბარე, უკვე შვიდი წლისაა. ის არის ჩემი საუკეთესო მეგობარი, მიუხედავად ასაკისა. თუ სიმღერა დააინტერესებს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები. როგორც თავად ისურვებს.

ბოლოს მინდა გკითხოთ სიახლეებზე…

ჯერჯერობით, თვენახევარი თბილისში ვარ. სექტემბრიდან მივდივარ ციურიხის თეატრში, სადაც ათ თვეს გავატარებ, კონტრაქტის მიხედვით. მეუღლესა და შვილს არ წავიყვან, რადგან აზრი არ აქვს ასე ცოტა ხნით იქით გადასვლას საცხოვრებლად.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები