LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თეთრი სპილო თუ მკვდარი ცხენი” – ვორკშოპი წარმატებული ადამიანებისთვის

161

მართვის ინოვაციური სისტემა, ორგანიზაციული კულტურა და სარგებლიანი პროექტი ანუ „მკვდარი ცხენი თუ თეთრი სპილო“ ამ თემებით დღეს, ბიზნეს ვორკშოპი გაიმართა.

ბიზნეს ვორკშოპი „თბილისი მარიოტში“ გამომცემლობა „პალიტრა L“–ის პროექტის, „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში ჩატარდა.

ღონისძიებას ქართული წამყვანი კომპანიების მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები დაესწრნენ.

 

ვორკშოპის თემა და სპიკერები

სპიკერებმა – „სინერჯი ჯგუფის“ მმართველმა პარტნიორმა პაპუნა ტოლიაშვილმა, კომპანია Insource-ის დამფუძნებელმა მედეა ტაბატაძემ და პროექტების მართვის სპეციალისტმა ილია რევიამ, თემები დამსწრე საზოგადოებასთან დიალოგის რეჟიმში განიხილეს.

როგორ უნდა შემუშავდეს კარგი იდეები, ვისგან უნდა მოდიოდეს ინიციატივები და როგორ უნდა გაანაწილოს დავალებები მენეჯერმა ისე, რომ თანამშრომლების მოტივაცია არ დაეცეს, ამის შესახებ პაპუნა ტოლიაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ დავალებების ნაცვლად თანამშრომლებს მენეჯერებმა, კონკრეტული ამოცანები უნდა დაუსახონ.

მისივე თქმით, ამოცანების დასახვა კონკრეტული პრიორიტეტების ჩამოყალიბებას და ეფექტიან მუშაობას უწყობს ხელს.

„ზედა რგოლიდან ცოტა და არამრავალფეროვანი იდეები მოდის, ხოლო რაც უფრო დაბალი რგოლიდან მოდის იდეა, მით უფრო საინტერესოა ის. ამასთან, ერთი ინოვაციური იდეა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ წარმატებული იყო, საჭიროა იდეების მუდმივი გენერირება. ამას კი ორგანიზაციებში სხვადასხვა საკითხი უშლის ხელს“, – განაცხადა თავის მოხსენებაში პაპუნა ტოლიაშვილმა.

როგორია ლიდერის და მენეჯერის როლი ორგანიზაციაში საქმის გაკეთების კულტურის შესაქმნელად – ამ თემაზე მედეა ტაბატაძემ ისაუბრა, ხოლო სწორი და წარმატებული პროექტების შერჩევაზე მოხსენება “თეთრი სპილო თუ მკვდარი ცხენი” ილია რევიამ წაიკითხა.

“პალიტრა L”-ის მარკეტინგის ხელმძღვანელის თიკო ფეიქრიშვილის განცხადებით, ვორკშოფი გარკვეულწილად, მათი კომპანიის მიერ, ბოლო დროს გამოცემულ წიგნებში არსებული საინტერესო თემების განხილვაა.

 

რა არის პროექტი „ლურჯი ოკეანე“

პროექტი „ლურჯი ოკეანე“ ბიზნესლიტერატურის სერიაა, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს და აერთიანებს ისეთი ავტორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: ბრაიან თრეისი, დევიდ ალენი, გაი კავასაკი და სხვ.

პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ისეთი ბესტსელერები, როგორიცაა: ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყი“, „აკოცე ბაყაყს“ და „გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი“; სერია „მარტივად“ დევიდ ალენის „საქმესთან გამკლავების ხელოვნება“, ელ რაისი & ჯეკ ტრაუტი – „მარკეტინგული ომები“ და სხვა.

მომავალში „პალიტრა L” გეგმავს, რომ ვორკშოპებსა და ტრენინგებს რეგულარული სახე მიეცეს, რომელშიც არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი სპიკერებიც მიიღებენ მონაწილეობას.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები