LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თევზი, როგორც ფუფუნების საგანი – რა აფერხებს საქართველოში თევზის წარმოებას

1085

არასაკმარისი ფინანსები, დაუსუფთავებელი წყლები და კვლავ ფინანსები – ქართულ თევზზე მოთხოვნა ადგილობრივი ბაზრის გარდა, უცხოეთშიც დიდია, თუმცა თევზის მარაგი საექსპორტოდ არასაკმარისია.

როგორც ”ფორტუნას” შპს ”ქართული თევზის” დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი შოშიაშვილმა განუცხადა, თევზის წარმოება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ საქართველოში თევზის მოშენება მცირე რაოდენობით ხდება.

”უშუალოდ ჩემი კომპანია კალმახზე მუშაობს. ჩამოგვაქვს ქვირითი აშშ-დან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან და აქ ვზრდით ლიფსიტებს, შემდეგ კი თევზის რეალიზაციას ვახდენთ როგორც ცოცხალი, ისე გამოშიგნული სახით. წარმოდგენილი ვართ ადგილობრივ ბაზარზე, სამწუხაროდ, იმ რაოდენობის თევზს ვერ ვაწარმოებთ, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიდეთ. არადა, მაგალითად, რუსეთში ქართულ თევზზე მოთხოვნა მაღალია”, – განმარტა შოშიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თევზის წარმოება ჩვენს ქვეყანაში ძალიან ძვირი რამდენიმე ფაქტორის გამო ჯდება. ”პირველი იმიტომ, რომ საკვები უცხოეთიდან ჩამოგვაქვს, კონკრეტულად ჰოლანდიიდან და მას ევროებში ვყიდულობთ. შესაბამისად, საგრძნობლად გაგვიძვირდა ეს პროდუქცია ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო. ამასთან, თევზის წარმოებაში კიდევ ერთ პრობლემას დაუსუფთავებელი წყალი წარმოადგენს, გასაწმენდია არხები და ამაზე მთავრობამ უნდა იზრუნოს”, – განმარტა შპს ”ქართული თევზის” დამფუძნებელმა.

როგორც გიორგი შოშიაშვილი ამბობს, ”ქართული თევზის” პროდუქტზე ფასები ჯერ არ მომატებული, თუმცა, თუ ლარი დევალვაციას კვლავ განაგრძობს, კომპანიას არსებული ფასების გადახედვა მოუწევს. ამასთან, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, ბოლო პერიოდში საგრძნობლად არის შემცირებული თევზის გაყიდვის მაჩვენებელი, რასაც გიორგი შოშიაშვილი ასევე ლარის დასუსტებას უკავშირებს.

”ხალხს შეუმცირდა შემოსავალი, თევზი კი ფუფუნების საგანს წარმოადგენს – ამიტომ ხალხი მისი შეძენისგან თავს იკავებს”,- ამბობს შოშიაშვლი.

შპს ”ქართული თევზის” დამფუძნებელი ქართული წარმოების თევზეულის პოტენციალზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში თევზის წარმოებას დიდი მომავალი აქვს, ვინაიდან, ქართული თევზი თავისი გემოვნური თვისებებით ყველასგან გამორჩეულია და ის დიდ მოწონებას იმსახურებს.

ცნობისთვის, შპს ”ქართული თევზი” 2010 წელს დაარსდა. კომპანია საწარმოს კარალეთში ფლობს და ადგილზე 25 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ამასთან, შპს ”ქართული თევზი” მონაწილეობს ”თიბისი ბანკისა” და ”ჯეოსელის” ბიზნესდაჯილდოებაში #გააზიარეწარმატება. კომპანია ერთ-ერთი ფინალისტია ნომინაციაში: წლის აგრო ბიზნესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები