LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Washington Post აჯაფსანდალზე წერს – “ქართული რატატუი”

954

თუ ამჯერად, საზღვარგარეთ, რომელიმე რესტორანის მენიუში ან ოჯახის სუფრაზე აჯაფსანდალი აღმოაჩინეთ, არ გაგიკვირდეთ, რადგან უცხოური პრესის ყურადღების ცენტრში საქართველო ამჯერად, ვეგეტარიანული კერძების მრავალფეროვნებით და ერთი კონკრეტული მათგანით – “აჯაფსანდალით” მოხვდა.

აჯაფსანდალზე და მის მომზადების წესზე სტატია The Washington Post-მა გამოაქვეყნა სათაურით -“ქართული რატატუი”.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ ქართული კერძის მომზადება ცოტა რთულია, თუმცა ვეგეტარიანელები ამ სირთულეს მარტივად დაძლევენ.

რეცეფტთან ერთად, The Washington Post მკითხველს ურჩევს, რომ აჯაფსადალი პურთან და მარილიან ყველთან ერთად მიირთვას, ასევე აღნიშნავს, რომ ეს კერძი გემრიელია, როგორც ცივად, ისე თბილად მირთმევის შემთხვევაში.

“აჯაფსანდალი შესაძლოა, თქვენი სადღესასწაულო სუფრის ნაწილი გახდეს. გაითვალისწინეთ, რომ დამარილებული ბადრიჯანი დაახლოებით, ნახევარი საათიდან 1 საათამდე უნდა გააჩეროთ, ასევე უნდა იცოდეთ ისიც, რომ აჯაფსანდალის გემო, რამდენიმე დღის შემდეგ, კიდევ უფრო კარგი ხდება,” – აღნიშნულია სტატიაში.

 The Washington Post-ის რეცეფტი აჯაფსანდალის შესახებ, independent-ზეც გამოქვეყნდა.

“საქართელოში არსებობს კერძი, რომელიც ზაფხულის დილემის გადაჭრის საუკეთესო გზაა. თუ თქვენ მებაღე ხართ, თქვენთვის კარგად ნაცნობ მცენარეებს, ამ კერძის მომზადების შემდეგ სხვანაირად შეხედავთ და მოსავალს, რომელიც მის მომზადებას სჭირდება, ყოველდღიურად შეამოწმებთ,” – ნათქვამია independent-ის სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ ქართულ ვეგეტარიანულ კერძებს შეუძლია სასიყვარულო წერილიც კი მიუძღვნას, თუმცა არც ერთს მოუხდენია ისეთი ფურორი, როგორც აჯაფსანდალს.

ცნობისთვის, რატატუი (კერძი, რომელსაც The Washington Post-მა აჯაფსანდალს შეადარა) ტრადიციული ფრანგული კერძია, რომელიც ბადრიჯნით, დამარინადებული ყაბაყით, ხახვით, ზეითუნის ზეთით, ნიორით, ოხრახუშით, წიწაკითა და მარილით მზადდება და მომზადების სიმარტივით გამოირჩევა.

თამთა უთურგაშვილი