LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკო სადუნიშვილის სრული ტრანსფორმაცია – სახლი, სადაც ბოსტანს უვლის, თონე აქვს და კაფე მოაწყო (ექსკლუზივი)

362

თიკო სადუნიშვილმა მეგობართან, სოფო კუჭავასთან ერთად, ორთაჭალაში, მეორე ხეივნის ნომერ 65-ში კერძო ბინა იქირავა, უზარმაზარი ეზოთი და ბოსტანით, მეგობრებთან ერთად მოაწყო და და 5 სექტემბერს კაფე „სახლი“ ოფიციალურად გახსნა.

ამ ყველაფერში საინტერესო ისაა, რომ თიკო და სოფო ამ სახლში ცხოვრობენ…

ტელეწამყვანს შინ ვესტუმრეთ, მან „სახლი“ დაგვათვალიერებინა და თან გვესაუბრა, როგორ გაუჩნდა ეს იდეა.

თიკო სადუნიშვილი:

მე და სოფომ ეს სახლი ვიქირავეთ, აქ ვცხოვრობთ და თან, კაფე მოვაწყვეთ. თბილისში გასართობი ადგილი ბევრია, მაგრამ კომფორტია, როცა თან სახლში გინდა და თან არა, ასეთი კი ნაკლებად მინახავს. როცა ბევრნი ხართ, მეგობართან ბინაში შეიძლება ვერ დაეტიოთ. თბილისში ბევრი კარგი კაფეა, მაგრამ იქ „სახლურად“ ვერ იგრძნობ თავს, მაგალითად, ფეხზე ვერ გაიხდი და ისე ვერ ირბენ. აქ კბილის ჯაგრისების გაყიდვასაც ვაპირებთ, თუკი ვინმე დარჩენას მოისურვებს და მეორე დილას თავის მოწესრიგებას. ეს სახლი თან ქალაქშია, თან – მოშორებითაა.

ეს იდეა სოფოს გაუჩნდა, ერთ საათში სახლების ძებნა დავიწყე. მეორე საღამოს რამდენიმე სახლი უნდა მენახა, პირველივე ეს ვნახე და სხვა აღარც გვიძებნია. მის მოწყობაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, როგორც ჩვენმა მეგობრებმა, ასევე სრულიად უცხო ადამიანებმა, რომლებმაც ბევრი ლამაზი ნივთი გვაჩუქეს.

სტეფანემ გვაჩუქა მანათობელი ბურთი, რომელიც სცენის თავზე კიდია. ერთ კუთხეში ავთანდილის კაბა დავკიდეთ, გოგონას საქორწინო კაბას ჰგავს და ყველა ამბობს, ეს კუთხე ჰგავს ოთახს პირველი ღამისთვისო (იღიმის).

დიზაინი ჩვენ გავაკეთეთ, მე და სოფომ, ამისთვის სამი თვე დაგვჭირდა. სოფომ საკუთარი ხელით გააკეთა ფერადი ძაფები, სკამები მოვხატე მე და ასევე ხეს რაც „აცვია“, ხელით მოვქარგე. სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული და ასეთი რაღაცები მეხერხება.

ბოსტანშიც თავად მუშაობთ?

ბოსტანს ვუვლით, მე, მაგალითად, ვრწყავ და უკვე ვისწავლე რაღაცები. ზაფხულის განმავლობაში რაც ავიღეთ, ბალი, ალუბალი, ტყემალი, ალუჩა, კომპოტები და მურაბები მოვამზადეთ. ყვავილებიც მე და სოფომ მოვიტანეთ და დავრგეთ, იაპონური ბაღიც თავად გავაკეთებინეთ.

თიკო, აქ ყველას უმასპინძლებთ?

იმდენი შრომა ჩავდეთ ამ კაფეს მოწყობაში, რომ ყველასთვის კარი ღია არ იქნება. ქართველებმა არაფრის მოვლა არ ვიცით, რაც შესამჩნევია, თუკი ქალაქგარეთ პიკნიკზე გახვალთ. მხოლოდ იმ ადამიანებს შეეძლებათ შემოსვლა, ვისაც ბუნება უყვარს და უფრთხილდება. ვიღაც რომ დათვრება და ნაგავს დაყრის, აქაურობას ეს არ მოუხდება.

სხვათა შორის, ბავშვების კუთხე ცალკე მოვაწყვეთ და ანიმატორებიც გვეყოლებიან. გვექნება კინოჩვენების დღეებიც, გარე კინოთეატრს მოვაწყობთ, ლაივმუსიკაც გვექნება, ქართველ დიჯეებს მოვიწვევთ და აქ სეტები ექნებათ.

გავიგე, რომ აქ თონეც გექნებათ…

მართალია. ჩვენ წინ ფერმაა, იხვები, ბატები, ხბოები და გოჭები ჰყავთ. ხორციც ახალი გვექნება და თონეც, ხალხს ახალგამომცხვარ შოთის პურს დავახვედრებთ. ჩვენი ბოსტნის პომიდორითაც და კიტრითაც გავუმასპინძლდებით.

საკუთარ თავი ასეთ ამპლუაში წარმოგედგინა?

25 წლამდე არა. მამაჩემმა რომ ქალაქგარეთ ნაკვეთი იყიდა და იქ ხშირად დადიოდა, მიკვირდა, როგორ ჩერდები-მეთქი. ახლა მეც მომწონს ასე ცხოვრება. ქალაქში რომ ბევრი პარკი იყოს და აგრესიული ადამიანები არ გვაწუხებდნენ სხვადასხვა ადგილას, თავად არ მოვინდომებდი ასეთი კაფეს გაკეთებას.

თიკო, ამ ყველაფრის პარალელურად, აგრძელებ მუშაობას ტელევიზიაში?

ვაგრძელებ, ჩემი გადაცემა „დაუპატიჟებელი სტუმარი“ „მარაოს“ ეთერს მალე დაუბრუნდება. შემიძლია, პარალელურად ვაკეთო ორივე საქმე. დილეტანტი ვარ ამ საქმეში, რაც  ახლა წამოვიწყე  და სტრესია, დამღლელია, მაგრამ მაინც ბედნიერი და გაღიმებული სახით ვიძინებ. როცა ადამიანი აკეთებ იმას, რაც ძალიან მოგწონს, და პლუს, ფულსაც შოულობ, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს (იღიმის)?!.

 

ხეს რაც „აცვია“, ხელით მოვქარგე.



 

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები