LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოჯინების თეატრს მალე ახალი შენობა ექნება

134

თოჯინების თეატრის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ქვეყნდება ვრცელი განცხადება თეატრის სახელით, სადაც მოთხრობილია იმ მძიმე გზის შესახებ, რომელიც მისმა თანამშრომლებმა დღემდე გამოიარეს. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მალე მათ ახალი შენობა ექნებათ.

„ბოდიშს ვუხდით ჩვენს პატარა, საპატიო მაყურებელს იმის გამო, რომ ეს პოსტი მათთვის უინტერესო იქნება. ბოდიშს ვუხდით მათ, რომ ამჯერად „დიდებივით“ და დიდებისთვის ვწერთ. იმ დიდებისთვის, რომლებსაც დაავიწყდათ, რომ ოდესღაც პატარები იყვნენ და ახლა ციფრების შეკრება–გამოკლების გარდა აღარაფერი ხიბლავთ და აინტერესებთ.

ჩვენ გვინდა, ჩვენი საქმიანობის ბოლო 4 წელს გადავავლოთ თვალი.

რთული პერიოდი გამოვიარეთ. ეს იყო ბრძოლის, შემართების, ექსპერიმენტების, მოულოდნელობების, აღმოჩენების პერიოდი. ეს იყო მუდმივი ფიქრის, თავდაუზოგავი შრომის და, უმეტეს შემთხვევაში, მიღწეული შედეგებით გამოწვეული სიხარულის 4 წელიწადი, რომელიც ჩვენ თქვენთან ერთად გამოვიარეთ და წუთითაც არ ვწუწუნებთ, რადგან ეს ყველაფერი ღირდა იმად, რომ ჩვენი მაყურებელი ახლა, როგორც არასდროს, ისეა შეყვარებული თოჯინურ სამყაროზე. ჩვენ ყოველწამიერად ვგრძნობთ ჩვენი საპატიო მაყურებლის თანადგომას, გულშემატკივრობასა და სიყვარულს. ბოლოსდაბოლოს, რომ არა თქვენ – ჩვენი მაყურებელი, ჩვენი საქმიანობა ყოვლად უშედეგო იქნებოდა.

2013 წელი დაიწყო ბრძოლით – ყველა და ყველაფერი ავაწრიალეთ იმ ფაქტით, რომ თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრს საკუთარი შენობა არ ჰქონდა. პარალელურად, ვამზადებდით ახალ სპექტაკლებს და, შენობის დაბრუნების მოთხოვნით გამართული ბრძოლის ფონზე, თანაბარ დროს ვხარჯავდით ტელევიზიებსა და 22 კვ.მ ფართობის სარეპეტიციოდ განკუთვნილ ოთახში. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი შენობის არქონა და მცირე ფინანსური რესურსი გამოწვევად მივიღეთ. 2013 წლის სამ თვეში თოჯინების თეატრმა სამი სპექტაკლის პრემიერა გამართა: „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“, „ფერადი ნისლების სანაპირო, „ფანტაზია“. 2013 წელს შენობის დაბრუნების მოთხოვნით გავმართეთ საპროტესტო აქცია თოჯინების თეატრის ძველ შენობაში (აღმაშენებლის #103), სადაც ჩვენმა გულშემატკივრებმა, თეატრალური სამყაროსა და მედია საშუალებების წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. “მიუხედავად იმისა, რომ თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრს შენობის გარეშე უწევდა ყოფნა, მან შეძლო არამხოლოდ გადაერჩინა თავი, არამედ ავლენს მყარ, მზარდ განვითარების დინამიკას და იმპულსებს, რაც გადამდებია და ძალიან სასიხარულოა.

ვთვლი, რომ თეატრმა უნდა შეძლოს სმარტფონებითა და პლანშეტებით შეიარაღებულ ახალგაზრდებს, ახალ თაობას გაუხსნას აბსოლუტურად განსხვავებული, განსაკუთრებული და უშუალო, ცოცხალი ურთიერთობების სამყარო. მგონია, რომ ზუსტად ეს აქვთ გააზრებული თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრში, იგრძნობა ეს ატმოსფერო და მე ზუსტად ვიცი, რომ არ ვაჭარბებ” – თეატრმცოდნე თეა კახიანი.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი შენობის არქონა, დარბაზის დასაქირავებლად გადახდილი თანხა შემოსავლიდან (გაყიდული ბილეთებიდან), ნულამდე დაყვანილი ფინანსები ყოველთვის მძიმე ტვირთად გვაწვა, ეს არასოდეს გვიგრძნობინებია ჩვენი მაყურებლისთვის, რომელსაც ხშირად ვთავაზობდით ახალ სპექტაკლებს, საინტერესო ამბებს. ჩვენ მუდმივად გვსურდა ჩვენს მაყურებელთან ურთიერთობა, ვუსმენდით მას, ვითვალისწინებდით მის შენიშვნებს და სულ, სულ ვცდილობდით, დღითიდღე უკეთესები ვყოფილიყავით. ამ მცდელობების შედეგად, 2014 წელს მაყურებელს 6 სპექტაკლის პრემიერა შევთავაზეთ: „წითელქუდა“, „დათუნია დრუნჩა და მისი მეგობრები“, „იავნანამ რა ჰქმნა?!“, „ნატვრის ხის ზღაპარი“, „მაწანწალა ზღაპარი“, „სამი გოჭი“.

ჩვენი სურვილი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოგვეყვანა ჩვენს ნაქირავებ, მაგრამ მაინც ჩვენით გაჟღენთილ კედლებში, გამოიხატა იმაშიც, რომ თოჯინების თეატრმა უფროსი თაობის მაყურებლისთვისაც დაიწყო სპექტაკლების დადგმა. ის, რომ თოჯინური სამყარო ყველასია – ბებიების, ბაბუების, შვილიშვილების, დედების, მამების, შვილების, მეგობრების, შეყვარებულების, მეუღლეების – ყველამ უნდა გაიაზროს. არ შეიძლება, საკუთარ ბავშვობას ხელი დაუქნიო, სადღაც ბნელ კუნჭულში მიკუნჭო, მიუდგომელ უჯრაში გამოკეტო, რადგან ის შენი ნაწილია – ყველაზე ნათელი, ყველაზე კეთილი, ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ნაწილი და თუკი მის მოკვეთას შეეცდები, აუცილებლად გამოიფიტები. ჩვენ კი გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრი ნათელი, კეთილი, სიცოცხლისუნარიანი და სიცოცხლეზე შეყვარებული ადამიანი არსებობდეს, ამიტომაც ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. ჩვენთან ზღვარი „დიდებსა“ და „პატარებს“ შორის არ არსებობს. თოჯინების თეატრისთვის პრიორიტეტულად რჩება უმცროსი ასაკის მაყურებელი და ჩვენი სპექტაკლების უმეტესობაც სწორედ მათთვისაა განკუთვნილი. ჩვენთან ცხოვრობენ ზღაპრის გმირები, პრინცესები, მზეთუნახავები, ჯადოქრები, ბაჭიები და თაგუნიები, მაგრამ ეს ფაქტი არ გამორიცხავს მათ გვერდით სხვა პიროვნებების არსებობას – პიროვნებების, რომელთაც საკუთარი პრობლემები გააჩნიათ და რომლებიც ამ პრობლემებზე საუბრობენ. თოჯინების თეატრმა დაიწყო მწვავე პრობლემებზე საუბარი, რომელზეც თვალის დახუჭვა, ჩვენი აზრით, დანაშაულია. თანამედროვე თეატრი უნდა ფეთქავდეს, მუდმივად ძიების პროცესში იყოს, მუდმივად მოძრაობდეს, რომ არ მოკვდეს, რომ მუდმივად აქტუალური იყოს. “სწორედ ამ თვალსაზრისითაც არის თოჯინების თეატრი მნიშვნელოვანი, რომ ის ახერხებს, ერთის მხრივ, საბავშვო რეპერტუარი შეინარჩუნოს, როგორიცაა “სამი გოჭი” “ვინი პუჰი”, “წითელქუდა” და მეორეს მხრივ, შემოგვთავაზოს სრულიად განსხვავებული წარმოდგენები, როგორიცაა “13…თიბათვისა”, “ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს”, ან სრულიად გამორჩეული დადგმა – “გათვლა” – თეატრის კრიტიკოსი და ჟურნალისტი დავით ბუხრიკიძე.

2015 წელს ჩვენს თეატრში გაიმართა 6 სპექტაკლის პრემიერა: „საქართველო“, „პინოქიო“, „მოხტუნავე პრინცესა“, „მხიარული მზესუმზირა“, „ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს“, „მზის სხივი“. ასაკობრივი ზღვარის აწევამ გამოიწვია ის, რომ თოჯინების თეატრი გახდა საინტერესო ადგილი თეატრის კრიტიკოსებისათვის, მედია საშუალებებისათვის, საერთშორისო ფესტივალებისათვის. „თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი ამ ტიპის თეატრებს შორის არის ერთ–ერთი გამორჩეული და სამაგალითო. მე არაერთხელ აღმინიშნავს ეს ტელევიზიითაც და კიდევ გავიმეორებ. კარგი იქნება, თუ მას სხვა თეატრებიც მიბაძავენ“ – თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი.

თეატრის აქტიური მუშაობის შედეგად, მონაწილეობა მივიღეთ არაერთ საერთაშორისო ფესტივალში: „უნიმას საერთაშორისო ფესტივალი“ – სომხეთი, „მე–4 მსოფლიო თოჯინური თეატრების ფესტივალი“ – ყაზახეთი, “Harmony World Puppet Festival – ტაილანდი, „Sofia Puppet Fair 2016” – ბულგარეთი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თოჯინების თეატრის გასტროლი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ნიუ–იორკში მცხოვრები ემიგრანტებისთვის ვითამაშეთ სპექტაკლი „ იავნანამ რა ჰქმნა?!“. გასტროლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. ასევე, თეატრმა მნიშვნელოვანი კომუნიკაცია დაამყარა ლონდონის ჩიქენშედის თეატრთან და თეატრის წარმომადგენლებისგან მნიშვნელოვანი მითითებები მიიღო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა ჩართვა თეატრის საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ თოჯინების თეატრის ახალი შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.

2016 წელს თოჯინების თეატრში 5 სპექტაკლის პრემიერა გაიმართა: „წუნა და წრუწუნა“, „13…თიბათვისა“, „გამოუქვეყნებელი ნოველა“, „გოგონა ციდა – ყვავილების ქვეყნიდან“, „უფრო რაღაცნაირი ვინი პუჰი“. თეატრი უფროდაუფრო მრავალფეროვანი გახდა მაყურებლისთვის და კრიტიკოსებისთვის. „თითქმის ყველა სპექტაკლი მაქვს ნანახი ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში და თითეული სპექტაკლის ნახვის შემდეგ მეც და ჩემი უფროსი ასაკი მეგობრებიც ვამბობთ, რომ ეს არის თეატრი, რომელიც დღეს უნდა არსებობდეს და რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება. დღეს ამ თეატრში არის ბევრი სპექტაკლი, არის მრავალფეროვანი რეპერტუარი“ – თეატრმცოდნე ლელა ოჩიაური.

მიმდინარე 2017 წელს თეატრს 3 ახალი სპექტაკლი შეემატა: „სხვა წითელქუდა“, „მერი პოპინსი“, „გ–ა–თ–ვ–ლ–ა“.

დღეს ჩვენ ისევ რთულ, თუმცა საიმედო და მნიშვნელოვან ეტაპზე ვიმყოფებით – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წლისთვის თეატრს უკვე საკუთარი შენობა ექნება და მაყურებელს ახალ მისამართზე – აღმაშენებლის #136–ში უმასპინძლებს. ამჟამად აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი 4 წლიანი ბრძოლა შედეგს ვერ გამოიღებდა, რომ არა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე. ის აღმოჩნდა პირველი კულტურის მინისტრი, რომელიც თოჯინების თეატრს ესტუმრა, დაათვალიერა ჩვენი სამუშაო გარემო, თავად იხილა ის პირობები, რომელშიც ჩვენი თითოეული თანამშრომელი მუშაობს და ყველანაირად ეცადა, რომ სულ მალე აღმოფხვრილიყო ჩვენი შენობის პრობლემა. დღეს ეს პრობლემა რეალურადაა გადაჭრილი და ამის დასტურია ახლაც, ამ წუთებში მიმდინარე სამუშაო პროცესი, რომელიც 2018 წელს დასრულდება და რომელიც გახდება ახალი, მაყურებლისთვის ყოველმხრივ აღჭურვილი და კომფორტული ადგილი, სადაც ადამიანები მივლენ, დაისვენებენ, ნახავენ ახალ სპექტაკლებს…

და მნიშვნელოვანია შედეგი – რა გვაქვს ახლა ჩვენ?

დღეს თოჯინების თეატრს აქვს უდიდესი სიმდიდრე – მაყურებლის უზომო სიყვარული, პაწაწინა ხელებით დაკრული ტაში და ემოციებისგან გაფართოვებული თვალები. გვაქვს მზაობა და ახალ-ახალი იდეები, რომ კვლავ ვიფუსფუსოთ და ახალი სეზონიდან კიდევ უფრო გაზრდილები დაგიბრუნდეთ, კიდევ უფრო შედეგიანად დავაკმაყოფილოთ თქვენი დაუშრეტელი ინტერესი.

ჩვენი 4 წლიანი ამბავი კეთილად სრულდება – მალე ახალი შენობა გვექნება და კიდევ უფრო მეტი საშუალება ახალ–ახალი იდეების განსახორციელებლად.“ -აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები