LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ 3 ევროპული ქვეყანა, რომელზეც ქართველი ტურისტების მოთხოვნა გაიზარდა

44

ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე საქართველოს რამდენიმე დღეღა რჩება, შესაბამისად, საკითხი: თუ, რომელი ქვეყნებით ინტერესდებიან ქართველი ტურისტები და სად წავლენ უვიზოდ პირველად, უფროდაუფრო აქტუალური ხდება.

”ფორტუნამ” იმ ტოპ 3 ევროპული ქვეყნის გასაგებად, რომლებზე დაინტერესებაც ბოლო დროს გაიზარდა, ტურისტულ კომპანიებს მიმართა.

როგორც ”ვია თრეველის” დირექტორი, ნინო ნამგალაძე ამბობს, ქართველებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებები: იტალია და ესპანეთია. ”ჯერჯერობით, ვერ ვიტყვი, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის ჩვენთვის დადებითად გადაწყვეტამ, ევროპულ ტურებზე მოთხოვნა გაზარდა. ხალხი დაკვირვების ეტაპზეა- ელოდებიან იმ პირველ ნაკადს, რომელიც 28 მარტს ევროპისკენ უვიზოდ გაემგზავრება. თუ ყველაფერი გართულებების გარეშე ჩაივლის, ბუნებრივია ევროკავშირის ქვეყნებისკენ წამსვლელთა რაოდენობა გაიზრდება”, – აღნიშნა ნამგალაძემ.

ანალოგიური მოსაზრება აქვთ ტურისტულ კომპანია ”გუდ თრეველში”. როგორც აქ განმარტავენ, ევრო-ტურებზე ჯერჯერობით მკვეთრი ზრდა არ ფიქსირდება – მოთხოვნამ მოიმატა, თუმცა მცირედით.

”გაზრდილია დაინტერესებულ პირთა რაოდენობა, თუმცა ტურის ყიდვისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. ყველა ელოდება, თუ რა წარმატებით გადალახავენ 28 მარტს ევროპული ქვეყნების საზღვარს საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ”, – აღნიშნეს ”გუდ თრეველში”. მათივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ევროპის ქვეყნების ტურები საკმაოდ გაძვირდა, რაც ავიაბილეთების ღირებულების მკვეთრმა მატებამ გამოიწვია. ამის მიუხედავად, ქართველი ტურისტებისთვის ყველაზე სასურველ მიმართულებად მაინც: იტალია და საფრანგეთი რჩება. გაზრდილია მოთხოვნა უნგრეთზეც, სადაც მოგზაურობა საკმაოდ იაფი ჯდება.

ტურისტულ კომპანია ”ლავ თრეველში” კი ევროპის მიმართულებებზე მოთხოვნის გაზრდაზე აცხადებენ. როგორც ”ფორტუნას” აქ განუმარტეს, დაინტერესება განსაკუთრებით მზარდია იტალიის, საფრანგეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის ტურებზე. ”სამწუხაროდ, ტურისტული პაკეტების შეძენა ბოლო თვეებში გაძვირდა, რაც როგორც ტურისტული სეზონის დაწყებას, ასევე, ავიაბილეთების გაძვირებას უკავშირდება”, – განმარტეს ”ლავ თრეველში”.

როგორც აღმოჩნდა, ის სამი ქვეყანა, რომელთა მონახულებასაც ქართველი ტურისტები მიმდინარე წელს უვიზოდ გეგმავენ: იტალია, საფრანგეთი და უნგრეთია. არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ესპანეთი და ჩეხეთიც.

შეგახსენებთ, 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილებას ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში შეძლებენ. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი და შვედეთი.

ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ყოფნის ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია. თუ პირი აღნიშნულ ვადას დაარღვევს, მას გააძევებენ ამ ქვეყნიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას 5 წლამდე ვადით აუკრძალავენ. ალტერნატივის სახით, საქართველოს მოქალაქეს შესაძლოა, დააკისრონ 3 000 ევრომდე ოდენობით ჯარიმის გადახდა.