LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენ არ დასდევთ საავადმყოფოს დერეფნებში ჰალუცინაციებით გაგიჟებულ გოგო-ბიჭებს”

226

ექიმი-რეანიმატოლოგი ხათუნა მარგველაშვილი სოციალურ ქსელში ნარკოტიკებისგან გამოწვეული კომის სიხშირის მომატებაზე წერს.

მისი თქმით, წლების წინ, ნარკანს (პრეპარატი, რომელსაც ანტაგონისტური მოქმედების შესაძლებლობა აქვს ნარკოტიკულ საშუალებებზე) საავადმყოფოებში საერთოდ აღარ იყენებდნენ, ახლა კი მისი გამოყენების გარეშე დღე არ გადის.

“ადამიანებო თქვენი გული არ იკუმშება შიშით, როდესაც ტელეფონი რეკავს, ფორსმაჟორი, ნარკო კომა შემოდისო, ფიქრობ მოასწრებ თუ არა…

თქვენ არ დასდევთ საავადმყოფოს დერეფნებში ჰალუცინაციებით გაგიჟებულ გოგო, ბიჭებს, სისხლიანი ხელები და ამოგლეჯილი გულები რომ ელანდებათ და ვერაფრით აწყნარებ, არც ტაბლეტების მუჭებითჩამყრელი ახალგაზრდების ატირებული დედები და მამები გინახავთ დაინტუბირებული, აპარატიანი შვილების საწოლებთან… არ იციან გონზე როდის მოვა გულყრებით განადგურებული მათი შვილები… ან მოვა კი საერთოდ?..

ჰკითხეთ სასწრაფოს, ემერჯენსის ექიმებს, რეანიმატოლოგებს, ამოიღეთ სტატისტიკა, თუნდაც ბოლო რამდენიმე თვის…

წლების წინ თვეები გადიოდა, ნარკანი ვადაგასული ხდებოდა, ამიტომ ვცვლიდით… ახლა დღე არ გავა და, არა ერთი, ბევრჯერ რამდენიმე შემთხვევა დღეში… და, ეს როგორც გვეუბნებიან, მხოლოდ დასაწყისია…

დაფიქრდით, შეჩერდით, ვისაც ეს ეხება და ხელეწიფება, დარჩით ადამიანებად!!!” – წერს ხათუნა მარგველაშვილი.

ექიმის ამ საგანგაშო სტატუსს ეხმიანება ექიმი ნიკა კაჭარავა. როგორც ის წერს, მომატებულია, როგორც ახალგაზრდა ასევე, მოხუცი პაციენტების რაოდენობა.

“ჩემი სათქმელი თქვი ხათუნა ზუსტად, წლებია ნარკანი არ გამოგვიყენებია და ეხლა მორიგეობა ნარკანის გარეშე გასაკვირი გახდა, თან არა მარტო ახალგაზრდები, 65 წლის ტვინ გაყინული 10 წლიანი რემისიის მქონე ადამიანებიც შემხვდა” – წერს ის.

შეგახსენებთ, “ფორტუნა” გასულ კვირას წერდა, რომ საავადმყოფოებში ნარკოტიკების ზედოზირების შემთხვევები გახშირდა.

ვრცლად ნახეთ ლინკზე: “იხოცებიან ბავშვები… 15-17 წლის მოზარდები მოჰყავთ ნარკოტიკული ინტოქსიკაციით”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები