LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ ფეხქვეშ გათელეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი – ანრი ოხანაშვილი “ევროპულ საქართველოს”

104

თქვენ ფეხქვეშ გათელეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და არაერთხელ დაარღვიეთ უდანაშაულობის პრეზუმფცია, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს პარლამენტის ტრიბუნიდან.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ წევრებს თავიანთ გამოსვლებში არც ერთხელ უხსენებიათ, რომ  გ.ჯ. არის პირი, რომელიც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის არის პასუხისგებაში მიცემული.

„თქვენ არაერთგზის დაარღვიეთ უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაღალი ტრიბუნიდან გაიძახოდით, რომ თურმე მ.კ. ყოფილა მკვლელი, თუმცა ვერ წარმოადგინეთ ვერც ერთი მტკიცებულება მკვლელობაში მისი დადანაშაულების დადასტურებული გარემოებების შესახებ.

ფეხქვეშ გათელეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. არც ერთხელ თქვენს გამოსვლაში არ გიხსენებიათ, რომ გ.ჯ. არის პირი, რომელიც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის არის პასუხისგებაში მიცემული. მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და იმ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, რომელიც მივიღეთ, ერთი მეოთხედით შეუმცირდა სანქცია და დღეს ეს პირი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის ცხრა წლითა და ცხრა თვით იხდის სასჯელს საპატიმროში,“ – განაცხადა ანრი ოხნაშვილმა.

ამასთან, როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, „ევროპულმა საქართველომ“ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დასკვნაში არ ჩაწერა, რომ მთავარი პროკურორი გადადგა, რადგან ეს ფაქტი უმნიშვნელოდ მიიჩნიეს.

„წულუკიანთან პირად პაექრობას გადააყოლეს ეს დოკუმენტი და ასეთი ვიწრო პარტიული ინტერესებით იხელმძღვანელეს.

მათ დასკვნაში ჩაწერეს, რომ თურმე ჩვენ კვოტები ვერ ავითვისეთ, მაშინ როცა გამოვიჩინეთ მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მათ გადავეცით მართვა, ამას საუბრობს ის ხალხი, ვინც 2007 წელს არ დაუჭირა მხარი სანდრო გირგვლიანის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, არათუ ვინმეს გადასცეს კომისია, არამედ არ დაუჭირეს მხარი მთელი რიგი საგამოძიებო კომისიების შექმნას,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დაასახელა ის დადგენილებები, რომელთაც ხელს აწერენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ლიდერები და, რომლებშიც უარყოფილია სხვადასხვა გახმაურებულ საქმეზე საგამოძიებო კომისიების შექმნა. მათ შორის არის სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეები.

„მათი დღეს მოქმედი საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე აწერს ხელს დადგენილებას, სადაც უარყოფილია საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება გახმაურებულ საქმეებზე სამართალდამცავი ორგანოების ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტების გამოსაძიებლად.

დღეს დაატარებენ ამ ბატონს და პრეზიდენტად სთავაზობენ ქართულ საზოგადოებას. აი, ეს არის თქვენი კანდიდატი, რომელიც ხელს აწერს, რომ არ არის საჭირო კომისიის შექმნა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დანაშაულის შესაძლო ჩადენის საქმეების გამოძიებაზე,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები