თქვენთან შეხვედრები იყო იმედის მომცემი, რომ მოვალეობას ღირსეულად აღასრულებთ – პატრიარქი ბახტაძეს პრემიერობას ულოცავს

110

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მამუკა ბახტაძეს საქართველოს პრემიერმინისტრობას ულოცავს.

„გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ეს არის დიდი პატივიც და პასუხისმგებლობაც. თქვენთან შეხვედრები იყო ჩვენთვის შთამბეჭდავი და იმედის მომცემი, რომ დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად აღასრულებთ. ღმერთი შეგეწიოთ და მოგცეთ ძალა, საქართველოს სამსახურად და თქვენს გზაზე დაუბრკოლებელი სვლისა. უფალმა დაგლოცოთ,” – აღნიშნულია ილია მეორის მილოცვაში.

ილია მეორემ ასევე შს მინისტრ გიორგი გახარიასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს ვიცე პრემიერებად დანიშვნა მიულოცა.

„ბატონო გიორგი, მართალია, დიდი ხანი არ არის, რაც თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრი ბრძანდებით, მაგრამ უკვე მოიპოვეთ ხალხის ნდობა და პატივისცემა, რაც არის გარანტი თქვენზე ამჟამად დაკისრებული პასუხისმგებლობის ღირსეულად აღსრულებისა. გილოცავთ საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშვნას და გისურვებთ ღვთის შეწევნას ქვეყნის სამსახურად. ღმერთმა დაგლოცოთ,“ – აღნიშულია პატრიარქის წერილში.

პატრიარქმა მისალოცი წერილით მაია ცქიტიშვილსაც მიმართა.

„მიიღეთ ჩვენი მილოცვა ვიცე-პრემიერად თქვენს დანიშვნასთან დაკავშირებით. თქვენ დიდი ხანია ამ სისტემაში ბრძანდებით და კარგად იცით ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები. შევთხოვთ ღმერთს, მოგცეთ ძალა დაკისრებული მოვალეობის საქართველოს სასიკეთოდ წარმატებით აღსრულებისთვის. უფალმა დაგლოცოთ,“ – აღნიშნულია პატრიარქის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები