LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი და საქართველო: რა გეგმები აქვს ამერიკის პრეზიდენტს საქართველოსთან დაკავშირებით?

ამერიკამ საქართველოსკენ ბოლო დღეებში რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯი გადადგა. კვირიკაშვილის ვიზიტი აშშ–ში, დაუგეგმავი შეხვედრა ტრამპთან, აშშ–ის პრეზიდენტის პირველი „ტვიტი“ საქართველოზე და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებული კანონპროექტი, ქართველი ექსპერტების მიერ ცალსახად დადებით ტენდენციად ფასდება.

 

თუმცა რამ გამოიწვია აშშ-ს ასეთი დაინტერესება, აქტიურობა და მხარდაჭერა საქართველოსადმი?

“ჩემთვის პატივი იყო პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თეთრ სახლში მასპინძლობა, ” – წერს დონალდ ტრამპი.

რა თქმა უნდა, აშშ-საქართველოს ურთიერთობებში მთავარი ფაქტორი რუსეთია. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა იმით, რომ აშშ-ის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები, დემონსტრაციულად მიეწყო ერთმანეთს, ლავროვის ამერიკაში ვიზიტის წინ.

იმის მიუხედავად, რომ თეთრი სახლის განცხადებაში, ლავროვისა და ტრამპის შეხვედრის საკითხებს შორის, საქართველო ნახსენები არ არის, ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლოა, უბრალოდ ამ ინფორმაციამ მედიაში არ გაჟონა.

 

რატომ გაახსენდა ტრამპს საქართველო?

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა, მას არც ერთ თავის გამოსვლაში საქართველო არ უხსენებია…

ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის განცხადებით, ტრამპის ბოლოდროინდელი ქმედებები საქართველოს მიმართ, გარკვეული სიმპათიების გამოხატვაა და ამასთან, რუსეთისთვის მკაფიო სიგნალია.

„უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ასეთ მასშტაბს პირადად მე არ ველოდი. ყველა ნიუანსს მნიშვნელობა აქვს…გარდა იმისა, რომ გარკვეული სიმპათიისა და დამოკიდებულების გამოხატვაა საქართველოს მიმართ, პასუხია იმ ქმედებაზე, რაც გააკეთა რუსეთის ლიდერმა – შეურაცხყოფა მიაყენა ერდოღანსა და მერკელს, როცა მათ შორის შეხვდა ბიბილოვს. ანუ აიყვანა ბიბილოვი ამ ორი ლიდერის რანგში.

მიმაჩნია, რომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა ტრამპმა საქართველოს მიმართ, თან ეს ყველაფერი დემონსტრაციულად მოხდა ლავროვთან შეხვედრამდე”, – განაცხადა არეშიძემ “ფორტუნასთან”.

სუპერ სახელმწიფოს მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერას ცალსახად დადებითად აფასებს საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი გიორგი ხატიაშვილიც, თუმცა მიიჩნევს, რომ ამერიკის ქმედებებში, ტრამპის დამოკიდებულება თუ სიტუაცია არაფერ შუაშია.

„ტრამპს შეიძლება რაღაც წარმოდგენა ჰქონდეს ისრაელზე, დიდ დროს უთმობდეს ერაყს, ჩრდ. კორეას, ჩინეთს, იაპონიასა და სირიას, მაგრამ საქართველოზე განსაკუთრებული წიაღსვლები ნამდვილად არ ექნება ჩემი აზრით. რასაც მისი მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მდივანი და ა.შ. მოუმზადებენ მასალებს, იმას გაეცნობა და იმის მიხედვით იმოქმედებს“, – განაცხადა გიორგი ხატიაშვილმა.

თუმცა ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, იმას რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების პოზიტიურ ტენდენციაში რუსეთს დიდი როლი უჭირავს.

გიორგი ხატიაშვილი ფიქრობს, რომ მკვეთრი ნაბიჯები ამერიკამ, რუსეთთან ურთიერთობაში ტემპერატურის აწევის გამო გადადგა.

“საგარეო პოლიტიკაზე ტრამპი ღრმა იდეოლოგიური შეხედულებებით არ გამოირჩევა, მით უმეტეს საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის ტრამპის მიერ იმ კურსის გაგრძელება, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების ყველა მთავრობა ატარებს.

მე დიდ იდეოლოგიურ პროექტებს ვერ ვხედავ საქართველოსთან მიმართებით. რესპუბლიკურ პარტიას განსაკუთრებით ახასიათებს აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება.

ამერიკასა და საქართველოს შორის ბევრი ინტერესთა თანხვედრაა. ამ ბოლო დროს, რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობის ტემპერატურამ აიწია (მეილის სკანდალები, არჩევნებში ჩარევა, დაჰაკვა კომპიუტერების), რამაც სავარაუდოდ, ამერიკის ეს კონკრეტული ნაბიჯები გამოიწვია.

იმ მუხლში საქართველოსთან ერთად ყირიმის ანექსიაზეცაა საუბარი. ასე რომ, ეს არის დღევანდელი პოლიტიკის გამოხატულება, რომელიც რუსეთსა და ამერიკას შორის მიმდინარეობს”, – განაცხადა გიორგი ხატიაშვილმა.

 

რა სარგებლობა მოაქვს.. ტრამპს?

ნებისმიერი ასეთი ტიპის შეხვედრებსა და საუბრებს სწორად გამოყენება უნდა. რა იქნება მომავალში, ამის თქმა რთულია, თუმცა აშშ-ს მხარდაჭერა, საქართველოს გარკვეულწილად ზურგს უმაგრებს ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

როგორც კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, მთლიანად რეგიონში აქტიური  ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები მიმდინარეობს და ამ დროს აშშ-ს ეს ნაბიჯები უსაფრთხოების მაღალ ხარისხს ქმნის.

“ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რეგიონში ძალიან გააქტიურებულია.

შავი ზღვის აუზში ნატოს აქტიურობა, რუმინეთში ახალი ბაზრის გახსნა, ფოთზე როგორც სავარაუდო ნავსადგომზე საუბარი, გარკვეული სისტემების შექმნა საქართველოს ტერიტორიაზე და არა მხოლოდ აქ… სომხეთისა და აზერბაიჯანის უფრო აქტიურად ჩართვა ამ პროცესებში არის ჩვენი დაცვის გარანტიების გაზრდა ერთის მხრივ და მეორე მხრივ ევროატლანტიკურ სივრცეში მეტი ინტეგრაცია.

შედეგები არ დადგება და არ იქნება ხილული დღეს და ხვალ”, – აღნიშნა ექსპერტმა.

 

ევროპისკენ… ტანკების გარეშე?!

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნატოს მთავარი ამოცანა კავკასიაში რუსეთს გავლენების მაქსიმალურად შეზღუდვაა. ეს პროცესი ნელ-ნელა მიმდინარეობს და თუ ამ ყველაფერში საქართველოც სარგებელს ნახავს, საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციებს გაიმაგრებს და გავლენიან მეგობრებთან ურთიერთობებს გააძლიერებს, რატომაც არა?!…

საქართველოში ევროპისკენ გადადგმულ ყოველ ნაბიჯზე, არის საფრთხის განცდა იმასთან დაკავშირებით, რომ ამის გამო, რუსეთი “სადამსჯელო ზომებს გაატარებს”.

როგორც “ფორტუნასთან” ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, ამ ნაბიჯების შემდეგ, “სადამსჯელო ტიპის იდეები თუ გაუჩნდა რუსეთს, უფრო მეტი შანსია ამ ფონზე, რომ ამ გეგმების განხორციელებისგან თავს შეიკავებს”, – აღნიშნა მან.

მოახერხებს თუ არა ამერიკა საქართველო – რუსეთის საზღვარზე დამცავი კედლის აღმართვას, შეაჩერებს თუ არა საქართველოსკენ მომართულ ტანკებს და დააღწევს თუ არა მდებარეობის მიუხედავად საქართველო მძიმე გავლენებს თავს, მსხვერპლის გარეშე, ამას მომავალი გვიჩვენებს…


თამთა უთურგაშვილი

 

პოპულალურები