LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტრამპი საქართველოდან რუსულ ტანკებს ვერ გაიტანს, მაგრამ…”

საქართველო–ამერიკისა და საქართველო რუსეთის ურთიერთობის, არსებული დინამიკისა და პროგნოზების შესახებ „ფორტუნა“ ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

– ბატონო რამაზ, როგორ შეიძლება შევაფასოთ ბოლო დროს ამერიკის გააქტიურება და ტრამპის მიერ საქართველოს მხარდაჭერა?

საქართველოს მხარდაჭერა არ არის იზოლირებული ამერიკული პოლიტიკის სხვა ნაწილებისგან და სავარაუდოა, რომ უპირველეს ყოვლისა, რუსეთის პოლიტიკის ჭრილში უნდა წავიკითხოთ ასეთი გააქტიურება საქართველოს მიმართულებით.

ბოლო პერიოდში, რუსეთის მიმართ პრეტენზიები ბევრია. ოკუპაციის თემაზე ძირითადად უკრაინის საკითხი იყო ხოლმე წამყვანი, საქართველოს ხან დაამატებდნენ ხან არა…

ტრამპმა ეს სტილისტიკა შეცვალა და საქართველოს ოკუპაცია წამოაყენა როგორც დღევანდელი დღის აქტუალური თემა, იმდენად, რომ დახმარების შეწყვეტა განიზრახა მათთვის ვინც, ამ ოკუპაციის შედეგებს აღიარებს. ქართული თემის ასე წინ წამოწევაშია, უპირველეს ყოვლისა ტრამპის აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანი.

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ისეთი დეტალები, როგორიცაა ქართული დელეგაციის მიღება საკუთარი ინიციატივით – ეს აგრეთვე საყურადღებოა ქართული პოლიტიკისთვის.

– რას მივიღებთ აშშ–ის გააქტიურებით?

ჩვენი საკითხი ამ ხნის განმავლობაში სულ იყო ისიც, რომ დასავლეთისკენ ჩვენს სწრაფვას რომლის გზაზეც უკვე ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადავდგით, ხო არ მოჰყვება რუსეთისგან სადამსჯელო ოპერაცია.

გამორიცხული ის, რომ რუსეთს ასეთი ნაბიჯი გადაედგა არ იყო, თუნდაც უკრაინის მაგალითის გათვალისწინებით. იმის მეათედი არ ჰქონდა გაკეთებული უკრაინას დასავლეთის მიმართულებით, რაც ჩვენთან ხდება. დაშალა უკრაინა და ახლაც აგრძელებს ამ პროცესს. ასე რომ, საფრთხის განცდა რუსეთის მხრიდან ყოველთვის იყო.

ტრამპის ეს ინიციატივა, დღეს არსებულ ტანკებს ნამდვილად ვერ გაიყვანს, მაგრამ ახალი ტანკების შემოყვანის პრევენციაა.

სადამსჯელო ტიპის იდეები თუ გაუჩნდა რუსეთს, უფრო მეტი შანსია ამ ფონზე, რომ ამ გეგმების განხორციელებისგან თავს შეიკავებს.

 

– ამის პარალელურად ტრამპი შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსაც, შეიძლება თუ არა ეს დავუკავშიროთ ბოლოდროინდელ მოვლენებს?

დიახ, მე მგონია, რომ ეს ორი მოვლენა კავშირშია. ტრამპისთვისაც და ამერიკული პოლიტიკური ელიტისთვის ცნობილი იყო, რომ ლავროვის ვიზიტი მზადდებოდა. მგონია, რომ სწორედ ამ ვიზიტისთვის წამოწია ტრამპმა, ქართული თემა წინა პლანზე.

მედიაში გაჟღერდა თუ არა საქართველოზე ინფორმაცია ტრამპისა და ლავროვის შეხვედრაზე, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შესაძლოა, მედიის დონეზე არ გამოჩნდა ეს ყველაფერი.

სავარაუდოა, რომ ტრამპმა ის ხერხი გამოიყენა, რასაც დიპლომატიაში ხშირად ხმარობენ: თუ გინდა რომ დაათმობინო მეორე მხარეს, დიპლომატიურ მაგიდასთან, ბევრი პრეტენზიები უნდა წაუყენო და ამ პრეტენზიებში დაიჭირო ის თევზი, რომელიც შენ გსურს.

ამ ბევრ პრეტენზიებში, სავარაუდოა, რომ სირიისა თუ უკრაინის თემების გვერდით, ტრამპმა დაამატა ქართული თემა და გაზარდა ამის ხარჯზე პრეტენზიების ნუსხა.

მგონია, რომ სწორედ ლავროვისთვის იყო გამზადებული, ის ნაბიჯები, რომელიც მან საქართველოს მიმართულებით გადადგა მანამდე.

– ტრამპს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათ შორის საქართველოშიც, ამ ნაბიჯების შემდეგ კი მათი პოზიცია შეიცვალა… მისი პრეზიდენტობის ამ მოკლე ვადაში, როგორ შეიძლება შევაფასოთ, ტრამპის გაპრეზიდენტება, განსაკუთრებით წინა პრეზიდენტების ფონზე?

იმ კონცეფციაში რაც ბუშს ჰქონდა – შორეულ აღმოსავლეთამდე ხავერდოვანი რევოლუციების ტალღა, საქართველოში მომხდარი ვარდების რევოლუცია ერთ–ერთი საფეხური იყო, ამ გზაზე. მას ქართული პროცესი ჩართული ჰქონდა თავის დიდ გეგმაში, კონტინენტის მასშტაბის გეგმაში. ამდენად ბუში არ იყო საქართველოზე და ქართულ პრობლემებზე ორიენტირებული, რამდენადაც, თავის მოდელზე და ვარდების რევოლუციაზე საქართველოში. ამიტომ იყო, რომ ბუშის პერიოდში არსებობდა ეს ოკუპირებული რეგიონები, მაგრამ არანაირი ძვრა ამ რეგიონების საკითხის მიმართულებით არ ყოფილა.

ბარაკ ობამასთან ტრამპის შედარება საერთოდ არ შეიძლება.

ამ ფონზე ტრამპი განსხვავებით წინამორბედებისგან, საქართველოსთვის მტკივნეულ საკითხს შეეხო და ეს წამოწია წინა პლანზე. რა თქმა უნდა, ტრამპს თავისი მიზეზი აქვს ამ წამოწევაში, მაგრამ ამერიკის დამოკიდებულება საქართველოსადმი და ამ ტიპის მხარდაჭერა, ძალიან მნიშვნელოვანია.

დონალდ ტრამპის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილო ქართველებს ალბათ, ამ მხრივ, თავის პოზიციის გადაფასება მოუწევთ.

– შეიძლება ვთქვათ, რომ ამერიკა უფრო მეტად გვიმაგრებს ზურგს ვიდრე აქამდე?

დიახ. ამერიკამ გადაწყვიტა იმაში დაგვიჭიროს მხარი, რაც ჩვენთვისაც საჭიროა.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები