LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსცხიმები და მავნე ნივთიერებები – რამდენად დაცულია საქართველოში მომხმარებელი

ტრანსცხიმების შემცველი საკვები წელიწადში ნახევარ მილიონ ადამიანს იწირავს – სტატისტიკას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აქვეყნებს.

ჯერ კიდევ 2004 წელს  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ყველა ქვეყანას მოუწოდა, ადამიანთა პოპულაციის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტები ხმარებიდან ამოეღოთ.

რიგ ქვეყნებში (მაგალითად, დანია) ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტებით ვაჭრობა უკვე აიკრძალა, სხვებში შეიზღუდა (მაგალითად, არგენტინასა და ბრაზილიაში დაშვებულია 2%-იანი შემცველობა პროდუქტში, რუსეთში – 8%) ან დაწესდა ეტიკეტზე მითითების ვალდებულება (აშშ).

საქართველოში შესაბამისი რეგულაცია გასული წლის აგვისტოში მიიღეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთი წლის განმავლობაში, კონტროლის მიზნით, 136 ნიმუში აიღო, რომელიც როგორც ადგილობრივ, ასევე იმპორტირებულ პროდუქციასაც მოიცავდა. დარღვევა 14 მათგანში დაფიქსირდა. როგორც სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი, გია მიქაძე „ფორტუნასთან“ განმარტავს, რომ წელს კონტროლის პროცესში საბაჟოც ჩაერთვება. სეს-ს 2018 წელს 210 ნიმუშის აღება აქვს დაგეგმილი, სეს-ი ძირითადად ადგილობრივ პროდუქციას, საბაჟო კი, 500 ნიმუშს შეამოწმებს იმპორტირებული პროდუქციიდან.

„კონტროლი ახლაც მიმდინარეობს, აღებულია ნიმუშები და მოწმდება ლაბორატორიაში. ყოველდღიურ რეჟიმში შემოდის მონაცემები და დარღვევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამისი ზომები გატარდება. ჯერ-ჯერობით რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია,“– ამბობს გია მიქაძე.

დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი ვალდებულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტი ამოიღოს, თუმცა, თუ ასეთი სურსათი მაინც გაყიდა, ასეთ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია 1000 ლარს შეადგენს. 1-ელი ივლისიდან განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი 3000 ლარით დაჯარიმდება.

ტრანსცხიმები ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ნატურალურ ცხიმებს ცვლიან და მას სწრაფი კვების ობიექტებში ხშირად მოიხმარენ. საკვებში ტრანსცხიმების გამოყენება იწვევს „ცუდი ქოლესტერინის“ დაგროვებას და ნეგატიურ ცვლილებებს სისხლში.

შეფასებულია, რომ საკვებში ტრანსცხიმების შემცველობის 2%-ით მატება თითქმის ორჯერ ზრდის კორონარული უკმარისობის რისკს ადამიანებში.

ტრანსცხიმების შემცველი საკვების ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფთ გავლენაზე „ფორტუნასთან“ ექიმი-ენდოკრინოლოგი, ახალგაზრდა ექიმ-მეცნიერთა საზოგადოების გენერალური დირექტორი, ნინო ბერეკაშვილი საუბრობს.

ენდოკრინოლოგი ამბობს, რომ ცხიმები ენერგიის წყაროა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ე.წ. კარგი და ცუდი ცხიმი.

„ძალიან რთულია, მომხმარებელმა დღევანდელ პირობებში თავად მოახდნოს ადაპტირება, გადაარჩიოს, თუ რომელი ცხიმია კარგი და რომელი ცუდი, სწორედ ამიტომ გვჭირდება რეგულაცია სახელმწიფოს მხრიდან, რომ ჩვენს სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ცხიმები იყოს კონტროლირებული და შესაბამისად, მომხმარებელი დაცული,“– ამბობს ნინო ბერეკაშვილი.

მიუხედავად არსებული რეგულაციისა, ენდოკრინოლოგი მომხმარებლებს ურჩევს, რაციონიდან ამოიღონ სპრედები და ნაჯერი ცხიმები მხოლოდ ნაღების კარაქის სახით მიიღონ.

„სპრედი არამც თუ არ უნდა გამოვიყენოთ კარაქის ფორმით, არამედ მათზე დამზადებული პროდუქტებიც უნდა გამოვარჩიოთ. საუბარია პურ-ფუნთუშეულობაზე, რომელიც მზადდება ე.წ. მცენარეულ ცხიმზე, სხვადასხვა სახის ნახევარფაბრიკატებზე, ორცხობილებზე, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია. გამომდინარე ფასიდან, მათგან უმეტესობაში არ იყენებენ ცხოველური წარმოშობის ნაღების კარაქს და მზადდება მარგარინებზე, სპრედებზე, რომელშიც დიდი რაოდენობითაა ტრანსცხიმები,“– განმარტავს ნინო ბერეკაშვილი.

ენდოკრინოლოგი მიუთითებს, რომ ტრანსცხიმების დიდი რაოდენობით გამოყენება აორმაგებს ისეთი რთული ქრონიკული დაავადებების რისკს, როგორიცაა გულის იშემიური დაავადებები, სისხლძარღვოვანი, ონკოლოგიური პათოლოგიები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, სისხლში ქოლესტერინის დონის მატება, რაც თავის მხრივ იწვევს არტერიული ჰიპერტენზიის მაჩვენებლების ზრდას და კარდიოლოგიურ პრობლემებს. ნინო ბერეკაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ასეთი დაავადებებით მიმართვიანობა გაზრდილია.

ენდოკრინოლოგი აღნიშნავს, რომ გასულ წელს სახელწმიფოს მიერ მიღებული ცვლილებები ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, დასძენს, რომ პრობლემები რჩება ეტიკეტირების ნაწილში.

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ეტიკეტზე არ არის დეტალურად გაშიფრული ეს მაჩვენებელი. მე პირადად, როცა ვცდილობდი რამდენიმე ასეთი პროდუქტის დეტალურ გაშიფვრას, ვნახე, რომ პროდუქტის ეტიკეტზე ხშირად ინფორმაცია მოწოდებული არ გვაქვს. უმეტეს პროდუქციაზე ეს იქნება საქართველოში წარმოებული თუ ქვეყნის გარეთ, ტრანსიზომერული ცხიმის კონკრეტული მაჩვენებელი მოწოდებული არ არის. ამიტომ სასურველია, რომ დეტალური მონაცემი იყოს მოწოდებული, მოქალაქისთვისაც უფრო მატივი და კომფორტული იქნებოდა გადაწყვეტილების მიღება პროდუქტის შეძენისას,“– ამბობს ნინო ბერეკაშვილი.

ტრანსცხიმების შესახებ ინფორმაციის ეტიკეტზე გადმოტანა საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო არ არის.

„არ უნდა შეიცავდეს და ეს არის უვნებლობის მაჩვენებელი. რომელიმე სურსათს ხომ არ აწერია, რომ სალმონელას ან ტყვიას არ შეიცავს. რაც შეეხება იმას, რეალურად რას შეიცავს, ამაზე მონიტორინგს ვატარებთ და ვიკვლევთ,“– განმარტავს „ფორტუნასთან“ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გეგმავს, მავნე ნივთიერებების შემცველი პროდუქტების აკრძალვის საკითხი დააყენოს. მათი ცნობით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ამის მისაღწევად სერიოზული ცვლილებები იგეგმება. ცვლილებებს უნდა ველოდოთ ქართულ სამომხმარებლო ბაზარზეც.  როგორც გია მიქაძე „ფორტუნასთან“ ამბობს, ინფორმაციის მიწოდების შესახებ 301-ე დადგენილების თანახმად , ბიზნესოპერატორებს კიდევ უფრო მეტი რამ ექნებათ გასაშიფრი, ვიდრე აქამდე ჰქონდათ.

„მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარილის შემცველობა, დამატკბობლების, რომელსაც ხმარობენ შაქრის ნაცვლად და თუკი  ბიზნესოპერატორი გამოიყენებს მას, უნდა მიუთითოს ეტიკეტზე ისიც, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს დიარეა. გარდა ამისა, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები უნდა ჰქონდეს მთლიანად გაშიფრული, თუ რას შეიცავს პროდუქტი,“– ამბობს გია მიქაძე.

დადგენილება ძალაში 2019 წლის 1-ელი სექტემრბიდან შევა.

 

თაკო ივანიაძე