LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრიო „მანდილის“ სიმღერა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს – „ევროვიზიაზე“ ხინკალიც თუ რიგდებოდა, არ ვიცოდი…“

531

„ევროვიზიის“ შიდაშესარჩევ კონკურსზე წელს უპრეცედენტოდ ბევრი სიმღერაა წარდგენილი – 27, რომლებსაც სოლოშემსრულებლები თუ ჯგუფები ასრულებენ. ერთ-ერთი ამ ჩამონათვალში გახლავთ ცნობილი ინტერნეტჰიტის „აპარეკას“ შემსრულებელი გოგონათა ტრიო „მანდილი“, რომლებსაც დიდი ხანია, უცხოელმა პროდიუსერებმა მოჰკიდეს ხელი. გოგონებს ახალი ალბომი აქვთ, რომლითაც, ძირითადად, უცხოეთში გამოდიან და საქართველოში არანაირი აქტივობა არ გააჩნიათ.

ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, პროდიუსერებმა ჩათვალეს, რომ „მანდილი“ კარგი კანდიდატურაა „ევროვიზიაზე“ წასასვლელად. მათ დაწერეს სიმღერა „მე და შენ“, რომლითაც შიდა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადეს პრეტენზია. სიმღერის ავტორები არიან ვადიმ ესტერმანი და როსტისლავ მასლოვიჩი. ეს არის ქართული ფოლკლორის გათანამედროვების მცდელობა, თუმცა საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ არცთუ წარმატებული და ამას ადასტურებს ის გამოხმაურებები, რომლებიც „ტრიო „მანდილის“ სიმღერას მოჰყვა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ საკითხს ყურადღება მიაქცია, „რუსთავი 2“-ის დირექტორი, ნიკა გვარამია იყო, რომელმაც სიმღერა გააზიარა და დაწერა:

„დროზე ვიზალიბერალიზაცია, თორემ ესენი თუ „ევროვიზიაზე“ მოხვდნენ, ყველაფრიდან გაგვრიცხავენ, ვიზა კი არა.

P.S. გადადით ლინკზე და შეიცხადეთ“.

„ფეისბუქზე“ დათო გორგილაძე წერს:

„თუკი ტრიო „მანდილი” იმ სიმღერით წავა „ევროვიზიაზე“, მერწმუნეთ, შეწყდება ყველა შეიარაღებული კონფლიქტი აფრიკის კონტინენტსა და სირიაში. ქურთების მუშათა პარტია დაასრულებს თურქეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მოწყობას. ისლამური სახელმწიფო თავს დაანებებს ევროპის დედაქალაქების აფეთქებებს. აშშ-ში მოქმედი ყველა სერიული მკვლელი მიატოვებს თავის საქმიანობას. აფრიკის ქვეყნებს დატოვებენ შიდსით დაავადებული მოქალაქეები და ყველა და ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოინაცვლებს“.

არის გამოხმაურებები „საუნდქლაუდზეც“, სადაც სიმღერა დაიდო და ასევე „იუთუბზე“. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

„ევროვიზიაზე“ ხინკალიც თუ რიგდებოდა, არ ვიცოდი…“

„ჩვეულებრივი ბაზრობის სიმღერაა“.

„ერთი კაციც და გავედით“

„ამათმა კარიერა ქართულად დაიწყეს და გრუზინულად დაამთავრეს…“

თუმცა აქვე არის კომენტარები, სადაც გოგონებს ნამუშევარს უქებენ და წარმატებას უსურვებენ.

რასაკვირველია, გემოვნებაზე არ დავობენ, ალბათ, სწორედ ამიტომ, ამ სიმღერასაც მიეცა შიდა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას საშუალება, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მაყურებელი და ჟიურის წევრები მიიღებენ.

ნინო მურღულია

https://www.youtube.com/watch?v=s6swqPcClvQ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები