LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ აჭარის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტის შერჩეულ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, პრეზიდენტი კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს – ანა ნაცვლიშვილი

42

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტი კონსულტაციებს გაივლის აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალასთან და არა ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

“საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტი კონსულტაციებს გაივლის აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და ამის შემდეგ წარუდგენს აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის მეთაურის კანდიდატურას. ამ საკითხს არეგულირებს კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ და აჭარის კონსტიტუცია. საქართველოს კონსტიტუციაში ერთადერთი საკითხი არის ის მოცემულობა, როცა ახლად არჩეული უმაღლესი საბჭო ჰყავს აჭარას, მაგრამ ეს ფაქტობრივი სცენარი ახლა არ გვაქვს. ახლა გვაქვს შემთხვევა, როდესაც მთავრობის მეთაური გადადგა და მთავრობას შეუწყდა უფლებამოსილება. ამ ფაქტობრივ მოცემულობაში არც საქართველოს კონსტიტუცია და არც კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, არ ითვალისწინებს პრეზიდენტის კონსულტაცებს მთავრობასთან”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუ აჭარის უმაღლესი საბჭო მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის შერჩეულ კანდიდატურას, ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტი ასევე კანონმდებლობით იმოქმედებს. “პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ მეორედ წარადგინოს კანდიდატურა და თუ ამის შემდეგაც მოხდება კანდიდატურის დაწუნება, შემდეგ უკვე პრეზიდენტი მიმართავს პარლამენტს და მიმართვის შინაარსი შეიძლება იყოს საბჭოს დათხოვნა”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები